ირაკლი ჩიქოვანი დასავლეთის სარდლობის სამხედრო ბაზებზე არსებულ ვითარებას გაეცნო
ირაკლი ჩიქოვანი დასავლეთის სარდლობის სამხედრო ბაზებზე არსებულ ვითარებას გაეცნო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

მინისტრმა გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ქუთაისის სამედიცინო ცენტრი, ხონის მეექვსე საარტილერიო ბრიგადა და კოპიტნარში საჰაერო თავდაცვის ბაზა მოინახულა.

უწყების ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანი ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის სამუშაო პროცესს და ახალ სამედიცინო აპარატურას გაეცნო, რომელიც ქუთაისის ჰოსპიტალს შეემატა.

„ახალი თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი, გორის სამხედრო ჰოსპიტლის პარალელურად, სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს. მინისტრი ხონში, დასავლეთ სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. მან გარემონტებული ყაზარმები, განახლებული სასადილოს შენობა და მულტიფუნქციური სპორტული მოედანი დაათვალიერა. ირაკლი ჩიქოვანი კოპიტნარში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ და ყაზარმის სარემონტო სამუშაოებსაც გაეცნო“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თავდაცვის მინისტრი დასავლეთის სამხედრო ბაზებზე თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან, მის მოადგილესთან – გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ჯონი ტატუნაშვილთან და დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან ერთად იმყოფებოდა.