ირაკლი ჩიქოვანი - დარწმუნებული ვართ, ევროკომისიის რეკომენდაცია 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსად გაფორმდება
დარწმუნებული ვართ, ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსად გაფორმდება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ოპოზიციამ ძალიან მოინდომა და დიდი ფინანსური რესურსი დახარჯა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.
„ამის ფონზე, ცდილობენ, თავიანთი წარუმატებლობა რაღაცნაირად გადაფარონ, მაგრამ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რეფორმებს, რომლებსაც ხელისუფლება ახორციელებს და მიმართულია იმისკენ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ქვეყნის თავსებადობა ევროპულ კანონმდებლობასთან, სტანდარტებთან, შედეგი მოაქვს და ქვეყანას ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია აქვს. დარწმუნებული ვართ, ეს რეკომენდაცია 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსად გაფორმდება. ოპოზიციის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველო „ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვერ გახდება, მტკნარი სიცრუე და ტყუილია. ამის გამაბათილებელია მიღწევები, რომლებიც ქვეყანას ბოლო 11 წლის განმავლობაში აქვს – არის ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა და დღეს უკვე დადებითი რეკომენდაცია.
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობა ისეთ ფაზაში შედის, რომლის პერიოდშიც ბევრი საკითხი იქნება, რაზეც ევროკავშირის ინსტიტუტებთან შეთანხმება, გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს. ეს განგრძობადი პროცესია. იქნება არა მხოლოდ ცხრა, არამედ 19, 90 და 190 საკითხი, რომლებიც ასოცირების დღის წესრიგით იქნება გათვალისწინებული. ჩვენ ამ საკითხების შესრულებას ზუსტად ისე გავაგრძელებთ, როგორც აქამდე, ასოცირების დღის წესრიგს ვასრულებთ დადებითად და მაღალი მაჩვენებელი გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
რაც შეეხება არჩევნებს, როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, არჩევნები ჩატარდება მშვიდ გარემოში და მოქალაქეები ევროპულ გზას, ქვეყნის განვითარებას „ქართულ ოცნებას“ მიანდობენ.
„ამ ქვეყანაში არჩევნები ძალიან თავისუფალ და სამართლიან გარემოში ტარდება. არ შეიძლება საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედარება იმ არჩევნებთან, რომელიც 2012 წლამდე ტარდებოდა. კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოში გახსნილი ჰქონდა ყალბი პირადი მოწმობების საბეჭდი სტამბა, დღეს კი უკვე იმაზე ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში ელექტრონულ არჩევნებს ვატარებთ. არჩევნები ჩატარდება მშვიდ გარემოში და შედეგები გვანახებს, რომ ჩვენი მოქალაქეები ევროპულ გზას, ქვეყნის განვითარებას „ქართულ ოცნებას“ ანდობენ“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.