ირაკლი ჩიქოვანი - დარგობრივი სამინისტროები წარმოადგენენ პრეზენტაციებს, სადაც დეტალურად იქნება განხილული ანტიკრიზისულ გეგმაში გათვალისწინებული ყველა ინიციატივა
საქართველოს პრემიერის პრესსპიკერ ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მიმდინარე კვირაში დარგობრივი სამინისტროები წარმოადგენენ პრეზენტაციებს, სადაც დეტალურად იქნება განხილული ანტიკრიზისულ გეგმაში გათვალისწინებული ყველა ინიციატივა.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, განმარტებები იქნება გაკეთებული როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე საქართველოში მოქმედი ეკონომიკური აქტორებისთვის.
„ის სოციალურ-ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც მთავრობის მიერ იქნა წარმოდგენილი, არის საკმაოდ ფართე. თითოეულ მიმართულებაზე, ყოველ თითოეულ სეგმენტზე, დარგობრივი სამინისტროები წარმოადგენენ ამ კვირის განმავლობაში პრეზენტაციებს, სადაც დეტალურად იქნება განხილული ყველა ის ინიციატივა, რომელიც ამ ანტიკრიზისულ გეგმაშია გათვალისწინებული. მათ შორის, რა თქმა უნდა, თუ როგორ უნდა მიმართონ ჩვენმა მოქალაქეებმა იმ დახმარების მისაღებად, რომელიც არის გათვალისწინებული ამ სოციალურ-ეკონომიკური გეგმის ფარგლებში. ასევე იქნება განმარტებები, თუ როგორ უნდა ისარგებლონ საქართველოში არსებულმა ეკონომიკურმა აქტორებმა, ბიზნესებმა იმ შეღავათებითა და შესაძლებლობებით, რომელსაც ეს გეგმა იძლევა. კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, დავიცვათ საკუთარი თავი და საკუთარი ახლობლები“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.