ირაკლი ჩიქოვანი - ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია და ყველას შეუძლია, დემონსტრაცია ჩაატაროს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია და ყველას შეუძლია, დემონსტრაცია ჩაატაროს.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლო გადაწყვეტილებას აღასრულებს, შესაძლებლობა ექნება, მოღვაწეობა ციხის გარეთ გააგრძელოს.
ამასთან, როგორც ჩიქოვანი ამბობს, ყველანაირი წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი შედგეს.
„ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია და ყველას შეუძლია, დემონსტრაცია ჩაატაროს. რაც შეეხება კონკრეტულ მოთხოვნებს, მათ კონკრეტულ მოთხოვნებს არ შევაფასებ. როგორც აქამდე, დღესაც ნიკა მელიას აქვს არჩევანი, თავად შეუძლია გადაწყვიტოს, იქნება ციხეში თუ – არა. აქ საუბარი გვაქვს, რომ კანონიერი სასამართლოს გადაწყვეტილება იქნას აღსრულებული. გუშინ ჩვენ რეალურად დავინახეთ, რომ არსებობს შესაძლებლობა, მან გააგრძელოს ჩვეულებრივად მოღვაწეობა გარეთ, თუ ის აღასრულებს იმ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც მის მიმართ არის გამოტანილი.
კონკრეტული განმარტებები იქნა გაკეთებული პროკურატურაში და მეც მაგას ვეყრდნობი. ოპოზიციის ლოგიკის ახსნა გამიჭირდება. სიმართლე გითხრათ, ვხედავ, რომ დღესდღეობით რეალურად ძალიან მკაფიო განცხადებები და პოზიცია გვაქვს, რომელიც გამოხატავს მზაობას დიალოგთან მიმართებაში. ეს იყო პირველი მოქმედებები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებდით ამ პერიოდის განმავლობაში. ასევე პრემიერ-მინისტრის განცხადება. შესაბამისად, სხვას რა ლოგიკა აქვს და ინტერესი, ნამდვილად ვერ გეტყვით. სამწუხაროდ, ეს ხშირ შემთხვევაში არის დესტრუქციასა და პროვოკაციისკენ მიმართული.
აუცილებლად მოლაპარაკებები არის გზა, რომელიც ჩვენ გვჭირდება საზოგადოებაში. გეტყვით იმასაც, რომ დღესდღეობით იყო განცხადებები, რომლებიც მომდინარეობდა როგორც ოფიციალური წყაროებიდან, ყოფილი ოფიციალური პირებიდან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებიდან, ასევე კონკრეტული პირების მხრიდან, ერთი ცხადი, ფაქტია, ყველა ამ განცხადებაში და ყველა მოწოდებაში იყო, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ, ერთმანეთს ველაპარაკოთ. მგონია, ის განცხადება, რომელიც გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, ნათელი დადასტურება და გამოვლინება იყო, რომ პოლიტიკური დიალოგისთვის მზად არის. პოლიტიკური დიალოგი მანამდეც იყო შეთავაზებული, დიალოგისთვის ყველანაირი წინაპირობა არსებობს და მით უმეტეს ის ინიციატივები, რომლებიც უკვე არის ინიცირებული, საკმაოდ კარგ საფუძველს იძლევა ამის გაგრძელებისთვის.
კითხვაზე: „მმართველი გუნდისთვის რა არის ამ პროცესში წითელი ხაზი, რასაც არ დათმობს“, ჩიქოვანმა განაცხადა:
„არაერთხელ იქნა დაფიქსირებული პოზიცია არჩევნებთან და საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებითაც. იცით, რომ პარლამენტში შექმნილია საგამოძიებო კომისია, რომელიც თუ შეძლებს ვინმე დაამტკიცოს, რომ ერთპროცენტიანი სხვაობა არსებობს არჩევნების შედეგში, მმართველი გუნდი ამისთვის მზად არი. ასევე იცით, რომ მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა იგეგმება და ამის საკმაოდ აქტიური, დინამიური პროცესი მიმდინარეობს. მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად, საქართველოს ყველა გულშემატკივარი მოგვიწოდებს, რომ არ იყოს პროვოკაციები (რა თქმა უნდა, ხედავთ ვინც ასრულებს ამას), პროვოკაციები მომდინარეობს ოპოზიციის მხრიდან. ჩვენ რეალური პოლიტიკური პროცესი გვჭირდება.
განვმეორდები და ვიტყვი, რომ ბოლო დღეების განმავლობაში იყო განცხადებები. რა თქმა უნდა, ეს არ არის ორდინალური სიტუაცია, როდესაც ასეთი პროვოკაციული ქმედებები არსებობს და, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების არაღსრულების გამო კონკრეტული ოპოზიციონერი ლიდერი ცდილობს თავისი პოლიტიკური მიზნების მიღწევას. განცხადებები იყო ოფიციალური წყაროებიდანაც, არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაციებიდან, ყოფილი თანამდებობის პირებისგანაც, მაგრამ მთავარი ხაზი ამ ყველა განცხადებაში არის დიალოგი. დიალოგთან მიმართებაში ხელისუფლებამ ნათელი, მყარი პოზიცია დააფიქსირა, არა მხოლოდ პოზიციაა დაფიქსირებული, არამედ კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგმულია“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.