ირაკლი ჩიქოვანი - ჩვენ უნდა შევაჩეროთ ომი, დავრწმუნდეთ, რომ ამგვარი საშინელებები და აგრესია აღარასოდეს განმეორდება ჩვენს საერთო სახლში, ევროპაში
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგანგებო სესიაზე საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება და რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევაზე ისაუბრა.
„რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ უპრეცედენტო აგრესია და სრულმასშტაბიანი ომი არღვევს საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპსა და საერთაშორისო ურთიერთობების ნორმებს. და ეს ხდება 2022 წელს ევროპაში, მშვიდობის დამყარების ყველანაირი მცდელობის მიუხედავად. მსურს, კიდევ ერთხელ დავუდასტურო უკრაინას ჩვენი სოლიდარობა. ჩვენ ვართ მომსწრეები რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო თავდასხმისა უკრაინაზე, რაც არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტალურ პრინციპებს და იწვევს გამანადგურებელ შედეგებს, მათ შორის, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას, ადამიანების მასობრივ ტანჯვასა და იძულებით დევნას. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მტკიცედ ვგმობთ ამ თავდასხმებს. ეს დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
დელეგაციის ხელმძღვანელმა აღშფოთება გამოხატა მშვიდობიან მოსახლეობაში არსებული დანაკარგებისა და მსხვერპლის გამო და გაიხსენა 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმის სავალალო შედეგებით.
„უკრაინაში მიმდინარე სიტუაცია გვახსენებს რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს. ათწლეულების მანძილზე, უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას უწევთ ასეთი აგრესიისა და ომის წინაშე დადგომა და იმ გამანადგურებელი შედეგის მიღება, რის შედეგადაც ჩვენ მივიღეთ ასობით ათასი და ახლა უკვე მილიონობით დაქსაქსული ოჯახი, ოკუპაცია და ტერიტორიების ანექსია, ასობით ათასი და ახლა უკვე მილიონი დევნილი და უთვალავი უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქე. უდიდესი გულისტკივილით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ ამ შედეგების შემცირება ან მათზე ადეკვატური რეაგირება“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისი თქმით, ეს სისხლისღვრა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
„ამასთან შეგუება შეუძლებელია. სიტუაცია ერთობ მძიმეა და ჩვენ გვიწევს ამის წინაშე დადგომა. მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი დადებითი მოსაზრება და მხარდაჭერა ევროპის საბჭოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან კონსულტაციების შემდეგ, მინისტრთა კომიტეტმა თებერვლის ბოლოს მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის წარმომადგენლობითი უფლების შეჩერების თაობაზე, დებულების მე-8 მუხლის თანახმად. საქართველო მხარს უჭერს აღნიშნულ გადაწყვეტილებას“,- აღნიშნა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ევროპის საბჭო ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც სწრაფად იმოქმედა აგრესიის წინააღმდეგ.
„ანგარიში და დასკვნის პროექტი უფრო მეტად გამაერთიანებელი იყო ასამბლეისთვის, ვიდრე გამყოფი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთობლივად ვიმოქმედებთ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ომი, აგრესია, დავრწმუნდეთ, რომ ამგვარი საშინელებები და აგრესია აღარასოდეს განმეორდება ჩვენს საერთო სახლში – ევროპაში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.