ირაკლი ჩიქოვანი - ბრიტანეთში ვიზიტისას გვექნება შეხვედრები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ვისაუბრებთ უსაფრთხოების, ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დიდ ბრიტანეთში შეხვედრებს გამართავს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავენ როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რა დროსაც საუბარი შეეხება უსაფრთხოებას, რეგიონში არსებულ ვითარებას და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს.
„როგორც იცით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა აქვს დიდ ბრიტანეთთან. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული დიალოგი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას. ჩვენი ვიზიტი გულისხმობს, რომ ჩვენ გვექნება შეხვედრები როგორც საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ვისაუბრებთ საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, თავდაცვას, რეგიონში არსებულ ვითარებას და ასევე, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.
გვექნება საუბრები, ასევე, საპარლამენტო ზედამხედველობის საკითხებზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინტენსიური კონტაქტები ასევე იქნას მხარდაჭერილი. როგორც იცით, გარკვეული პერიოდის წინ საქართველოში იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთიდან საკმაოდ დიდი დელეგაცია, საპარლამენტო დელეგაციას ვგულისხმობ. იყო ბევრი შეხვედრა და ეს არის, ასევე, ერთგვარი გამოძახილი შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების თვალსაზრისით“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.