ირაკლი ჩიქოვანი - ბოლო 11 წელია, ოპოზიციისგან გვესმის ყიჟინა, რომ საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობაში შედეგებს ვერ მიაღწევს, ამ ფონზე დიდი შედეგები გვქონდა
ბოლო 11 წელია, ოპოზიციის მხრიდან გვესმის ხმაურიანი ყიჟინა, რომ საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობაში შედეგებს ვერ მიაღწევს. ამ ფონზე გვქონდა დიდი შედეგები, მათ შორის, როგორებიცაა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა და დღეს უკვე რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
ჩიქოვანის თქმით, ხელისუფლების მოქმედებებითა და გადაწყვეტილებებით ამ შედეგების მიღწევა შესაძლებელი გახდა.
ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო იმ პოლიტიკის გათვალისწინებით, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს.
„12 რეკომენდაციის შესრულების დროს როგორც ვსაუბრობდით და გავაკეთეთ, ჩვენ არა მხოლოდ კონკრეტული რეკომენდაციების შესრულებაზე ვმუშაობთ, არამედ, ზოგადად, ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საკანონმდებლო რეფორმა, რაც უზრუნველყოფს ევროკავშირთან თავსებადობას, ქვეყანაში გაზრდის ცხოვრების დონეს და დააახლოებს ევროკავშირთან. ზუსტად ასე გავაგრძელებთ თანამშრომლობას ყველა საკითხზე, რაც ევროკავშირთან დღის წესრიგში გვექნება. დღის წესრიგი ძალიან ფართოა, არა მხოლოდ ცხრა რეკომენდაცია, რაზეც ოპოზიცია აკეთებს აპელირებას, არამედ საკითხების დიდი ჩამონათვალია, რაც ასოცირების დღის წესრიგითაა გათვალისწინებული. მხოლოდ ამ ცხრა საკითხზე კი არა, არამედ ბევრ საკითხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაცია, ამასაც ისე წარმატებით გავაგრძელებთ, როგორც აქამდე ვახორციელებდით ცვლილებებსა და რეფორმებს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.