ირაკლი ჩიქოვანი - ბოლნისსა და მარნეულში ვითარება კონტროლდება, მოსახლეობის საჭიროებები დაკმაყოფილებული იქნება და შესაბამისი დავალებები უკვე გაიცა
ირაკლი ჩიქოვანი - ბოლნისსა და მარნეულში ვითარება კონტროლდება, მოსახლეობის საჭიროებები დაკმაყოფილებული იქნება და შესაბამისი დავალებები უკვე გაიცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველის პრესსპიკერ ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ბოლნისსა და მარნეულში ვითარება სრულად კონტროლდება.

მისივე თქმით, დღეისთვის, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მოქმედებს მხოლოდ ის ობიექტები, რომლებიც მოქალაქეებისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა.

საუბარია სურსათზე, ასევე სამედიცინო, სააფთიაქო და საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომობაზე.

„როგორც იცით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებმა და ასევე თავდაცვის ძალებმა მოახდინეს შესაბამისი ობიექტების მოწყობა, რომელიც აკონტროლებს მუნიციპალიტეტებში შესვლას და გამოსვლას. რა თქმა უნდა, ვითარება არის კონტროლქვეშ და დამაკმაყოფილებელი. ვისურვებდით, რომ ასეთი ზომებისთვის არ მიგვემართა, მაგრამ ექსტრაორდინალური ვითარება ექსტრაორდინალურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.

დღეისთვის, ამ მუნიციპალიტეტებში მოქმედებს მხოლოდ ის ობიექტები, რომლებიც აუცილებელია და კრიტიკულია იმისთვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს წვდომა ჰქონდეთ როგორც სურსათზე, ასევე სამედიცინო, სააფთიაქო და საბანკო სერვისებზე.

ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს დავალებული აქვთ, რომ აიღონ პასუხისმგებლობა ორივე მუნიციპალტეტის სრულ უზრუნველყოფაზე და ყველა საჭიროება იქნება მიწოდებული.

შესაძლოა, იყოს გარკვეული საკითხები, რაც ჯერ კიდევ გადაწყვეტას საჭიროებს, რაც დღის განმავლობაში მოგვარდება. თუმცა, საერთო ჯამში ადგილზე სიტუაცია არის დამაკმაყოფილებელი.

ასევე ეკონიმიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს დავალებული აქვთ, იმ საწარმოთა ჩამონათვალის გაკეთება ამ ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომლებიც მუშაობას განაგრძობენ, თუმცა ეს მუშაობა გაგრძელდება მხოლოდ მკაცრად გაწერილი პროტოკლით და მკაცრად იქნება დაცული ყველა რეგულაცია იმ ობიქტებისთვის, რომლებიც გააგრძელებენ ფუნქციონირებას, ვგულისხმობ, ეკონომიკურ აქტიურობაში ჩართულ ობიექტებს.

ხაზს ვუსვამ, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში ამ სპეციალური ზომების კოორდინაცია დაევალა სოზარ სუბარს, ის არის ყოველწუთიერ კონტაქტში ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას და ისინი იღებენ დავალებებს“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

ჩიქოვანის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მუშაობენ, რათა მთლიანად მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანები არსებული ვითარების შესახებ ინფორმირებულები იყვნენ.

„ასევე ისინი შეისწავლიან იქ არსებულ ადგილობრივ ეპიდოლოგიურ ვითარებას. სურვილი გვაქვს, მაქსიმალურად იდენციტიფიცება მოვახდინოთ ყველა იმ ადამიანის, ვისაც შეიძლება წუხილი ჰქონდეს ჯანმრთელობაზე და ეს ყველაფერი დროზე იყოს გამოკვლეული. იცით, რომ ადგილზე შეიქმნა დამატებითი ჰოსპიტალური შესაძლებლობები. ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში არ გადაადგილდება არანაირი მუნიციპალური ტრანსპორტი, ჩვენ უკვე ვართ მაქსიმალური კონტროლის რეჟიმში და შესაბამისად, კიდევ მოგაწვდით ინფორმაციას“ ,- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში კარანტინისას საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, პროცესში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალებიც.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სპეციალური აღჭურვილობით საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფები მუშაობენ.