ირაკლი ჩიქოვანი - ბელარუსთან ურთიერთობები უკვე მისულია წითელ ხაზთან და ჩვენ დაველოდებით მოვლენების განვითარებას
ირაკლი ჩიქოვანი - ბელარუსთან ურთიერთობები უკვე მისულია წითელ ხაზთან და ჩვენ დაველოდებით მოვლენების განვითარებას

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი, რომელსაც არ შეიძლება სხვა შეფასება ჰქონდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, საბერძნეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ლუკაშენკოს ამ ნაბიჯმა უკიდურესად გაართულა და დაძაბა საქართველოსა და ბელარუსის ორმხრივი ურთიერთობები.

„ვიტყვი იმას, რომ პრაქტიკულად ეს ურთიერთობები უკვე მისულია წითელ ხაზთან და ჩვენ დაველოდებით მოვლენების განვითარებას. მინდა, ხაზი გავუსვა კიდევ ერთხელ, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ყველაფერი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ოკუპირებული ტერიტორიები ვერ გახდებიან საერთაშორისო სამართლის სუბიექტები, ისინი არიან საქართველოს განუყოფელი ტერიტორიები და რა თქმა უნდა, საქართველო განაგრძობს მშვიდობიან პოლიტიკას, რათა ერთად ავაშენოთ ერთიანი სახელმწიფო, რომლის ადგილიც არის ევროპაში“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

როგორც ცნობილია, 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა და საგარეო უწყებაში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარა.