ირაკლი ჩიქოვანი - ბათუმში დაგეგმილი კონფერენცია უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის გზაზე
ირაკლი ჩიქოვანი - ბათუმში დაგეგმილი კონფერენცია უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის გზაზე

ბათუმში დაგეგმილ კონფერენციაზე შეჯამდება 10 წლიანი პერიოდი, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში გავიარეთ და, რომელშიც საქართველო ძალიან წარჩინებულია, – ამის შესახებ  სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა,  ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, კონფერენციაზე საუბარი შეეხება არა მხოლოდ გამოწვევებსა და პერსპექტივებს, რომელიც საქართველოს აქვს ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ საკითხებს, რომელიც რეგიონისთვის  და ზოგადად, ევროპისთვის აქტუალურია.

„ბათუმის წლევანდელი კონფერენცია გამოირჩევა იმით, რომ არის უმაღლესი დონის, სტუმრებმა უკვე დაიწყეს საქართველოში ჩამოსვლა, უკვე შედგა შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან. ასევე ბათუმში შედგება რამდენიმე უმნიშვნელოვანესი შეხვედრა და ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის გზაზე. ამ კონფერენციაზე იქნება შეჯამებული 10 წლიანი პერიოდი, რომელიც ჩვენ გავიარეთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში, რომელშიც საქართველო არის ძალიან წარჩინებული და ამას ყველა აღიარებს, რომ საქართველომ უმნიშვნელოვანეს პროგრესს მიაღწია და საქართველოსა და ევროპას შორის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ისეთ დონეზე, როგორც დღეს გვაქვს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველის შეფასებით, საუბარი შეეხება იმ პერსპექტივებსაც, რომელსაც საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე გეგმავს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო კოლეგების თანამონაწილეობა, წარმოდგენილები იქნებიან არა მხოლოდ სახელისუფლებო წრეებიდან, არამედ ძალიან ბევრი სამეცნიერო წრის წარმომადგენელი და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათი რჩევებისა და მოსაზრებების გაგება. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა, ასევე გაფორმდება ერთი დოკუმენტი, რომელსაც ხელს მოაწერენ ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ასევე ჩვენი კოლეგა სახელმწიფოების წარმომადგენლები“, – განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.

მისი თქმით, კონფერენციაზე შემაჯამებელ კომუნიკეს მიიღებენ.

11-12 ივლისს ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება.