ირაკლი ჩიქოვანი აშშ-ის ევროპული სარდლობის დაგეგმვის, პოლიტიკის, სტრატეგიისა და შესაძლებლობების დირექტორს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი აშშ-ის ევროპული სარდლობის დაგეგმვის, პოლიტიკის, სტრატეგიისა და შესაძლებლობების დირექტორს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანმა გენერალ-მაიორ დანიელ ლასიკას თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.
თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის მხარეს საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მხარეებმა თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში აშშ-ის ევროპული სარდლობის მნიშვნელოვანი წვლილი. თავდაცვის მინისტრმა და გენერალ-მაიორმა დანიელ ლასიკამ საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.
ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორი დანიელ ლასიკა თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის ევროპულ სარდლობას შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.