ირაკლი ჩიქოვანი - არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ ძირი გამოუთხარონ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, სამწუხაროდ, მათ ჰქვიათ ოპოზიცია
ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ არიან ადამიანები, პირთა წრე და, სამწუხაროდ, მათ ჰქვიათ ოპოზიცია, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს, რომ ძირი გამოუთხარონ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს არა მხოლოდ ევროპულ პერსპექტივას, არამედ ნებისმიერ პოზიტიურ და დადებით განვითარებას, რომელიც ქვეყანაშია, ხელი შეუშალოს.
„სასიხარულოა, რომ საზოგადოება ამას ხედავს. სასიხარულოა, რომ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდება ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან მართლაც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია, ვინ არის ჩვენს ქვეყანაში მავნებელი და ვინ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და ნებისმიერ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
„ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა: „ვიღაც-ვიღაცები ბრიუსელში დადიოდნენ და იძახდნენ, არ მისცეთ საქართველოს სტატუსიო, ესეც კარგად ვიცი, რადგან იქ ვიყავი“.