ირაკლი ჩიქოვანი - არ მახსენდება არჩევნები, რომელზეც პარტნიორების მოლოდინი არ იყო დემოკრატიული სტანდარტით ჩატარება, ეს სტანდარტი ყოველ ჯერზე უზრუნველყოფილია და საფრთხეებს ვერ ვხედავ
სამწუხაროდ, საქართველოსთან მიმართებით ხშირად ყოფილა უსაფუძვლო, დაუმსახურებელი გადაწყვეტილებები, მოსაზრებები კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. ვიმედოვნებ, ყველას ექნება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ობიექტურად შეფასების შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით ჩიქოვანმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „„მეგობარი აქტი“ გულისხმობს მხარდაჭერას რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის თავდაცვის მიმართულებითაც. ამ აქტში ასევე გათვალისწინებულია სანქცირება, თუ არჩევნები არ ჩატარდება დემოკრატიულად და პარტნიორებთან რიტორიკას არ შეცვლის საქართველოს ხელისუფლება. ემხრობით თუ არა სენატში ამ კანონის მიღებას?“
ჩიქოვანის თქმით, ყველა არჩევნებთან დაკავშირებით პარტნიორების მოლოდინია დემოკრატიული სტანდარტით ჩატარება, რაც საქართველოში ყოველ ჯერზე უზრუნველყოფილი იყო.
„პირველ რიგში, ხაზი უნდა გაესვას, რომ ეს არის „მეგობარი აქტის“ პროექტი, ვიდრე ეს აქტი უშუალოდ შედგება, როგორც აქტი და იქნება, როგორც საკანონმდებლო ნორმა. ამას გარკვეული პროცედურები სჭირდება წარმომადგენელთა პალატაში, ასევე, სენატში. ამიტომ დაველოდოთ და შემდეგ გავაკეთოთ შეფასებები ამ საკითხთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, საქართველოსთან მიმართებით ხშირად იყო ხოლმე უსაფუძვლო და დაუმსახურებელი კონკრეტული გადაწყვეტილებები, მოსაზრებები კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. იმედს ვიტოვებ, ყველას ექნება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ობიექტურად შეფასების შესაძლებლობა. რაც შეეხება არჩევნებს, არ მახსენდება არჩევნები, რომელთან დაკავშირებითაც საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინი არ იყოს დემოკრატიული სტანდარტით ჩატარება. ყოველ ჯერზე ეს სტანდარტი იქნა მიღწეული და უზრუნველყოფილი. გამომდინარე აქედან, აქ საფრთხეებს ვერ ვხედავ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.