ირაკლი ჩიქოვანი - აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ყიჟინა, თითქოს საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე არ ჩანს, არის მოგონილი
ირაკლი ჩიქოვანი - აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ყიჟინა, თითქოს საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე არ ჩანს, არის მოგონილი

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ის ყიჟინა და ის ბრალდებები, თითქოს საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე არ ჩანს, არის მოგონილი და ამას უპირისპირდება რეალური საქმე, რეალური შეხვედრები და რეალური შედეგები, რომელსაც როგორც ხელისუფლება, ასევე მმართველი გუნდი დებს პარტნიორებთან ერთად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანმა ისაუბრა პრემიერ-მინისტრის საერთაშორისო ვიზიტებსა და შეხვედრებზე და მათ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„თვის დასაწყისში იყო ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, ასოცირების საბჭო. ეს არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ევროკავშირის ინსტიტუტებთან და გავიაროთ ის პროგრესი, რომელიც აქვს საქართველოს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით.

საბოლოო დოკუმენტში, რომელიც გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრის და ბატონი ბორელის შეხვედრის შემდგომ, ძალიან ცხადად არის ასახული ის პროგრესი, რომელიც საქართველომ განვლო ამ პერიოდის განმავლობაში და ის პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ. ხაზი გაესვა, იმის მნიშვნელობას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძალიან სწრაფად შესრულდეს ყველა ის პირობა და რეკომენდაცია, რომელიც 12 პუნქტად არის ჩამოყალიბებული ევროკომისიის მხრიდან. ამასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აიღო ვალდებულება და ჩვენი გუნდი ძალიან სწრაფად და ოპერატიულად შეასრულებს ამ ყველაფერს.

ასევე იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სადაც იყო შეხვედრა უმაღლეს დონეზე და ბატონ შოლცთან, სადაც საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი ძალიან მკაფიო გზავნილები გაჟღერდა და მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა, რომელიც ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებზე იყო ორიენტირებული.

ამ მომენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ძალიან დიდი დელეგაციით იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრები. ასევე ის მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებში, და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ ერთხელ ვისაუბროთ იმ რეფორმებზე, რომელსაც ქვეყანაში ვატარებთ და იმ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს მთლიანად რეგიონში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.