ირაკლი ჩიქოვანი - ამდენი წლის განმავლობაში დავადასტურეთ, რომ შეგვიძლია, რეკომენდაციები შევასრულოთ, იმის მიუხედავად, რომ გვყავს დესტრუქციული, რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიცია
საქართველო არის ლიდერი ყველა მიმართულებით და რეკომენდაციების შესრულების ნაწილში ასევე წარმატებული იქნება, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„საქართველო იქნება წარმატებული ისევე, როგორც იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის გზაზე და ქვეყანას აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია ექნება შესრულებული, თუმცა ჩვენ კარგად გვესმის, რომ გადაწყვეტილება, რომელიც კანდიდატობასთან დაკავშირებით იქნება მიღებული, იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ისევე, როგორც ეს იყო 2022 წელს“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორია ხელისუფლების მოლოდინი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დაკავშირებულია წარმატებასთან, რეფორმების მიმდინარეობის სისწრაფესთან და რეფორმების შედეგიანობასთან, საქართველო შარშან, ივნისშიც იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს.
„ეს არის ობიექტური რეალობა, რომელიც უკვე დადასტურებულია, მაგრამ ეს ყველაფერი თუ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე მე, რა თქმა უნდა, სპეკულაციებში არ შევალ“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა შეფასებას მისცემს იმას, რომ კანდიდატის სტატუსზე უარის შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვადამდელ არჩევნებს ელოდებიან, რადგან, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ დააანონსა, თუ წლის ბოლოს ევროკავშირის გადაწყვეტილება უარყოფითი იქნება, არჩევნების თარიღმა, შესაძლოა, გადმოიწიოს და რამდენად არის ეს შესაძლებელი თუნდაც თეორიულად, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია, რომელიც საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელ და მავნებლურ საქმიანობას ეწევა, ცდილობს, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, რადგან მათ ჰგონიათ, რომ ამ ყველაფერს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენებენ, მაგრამ, შინაარსში, ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და, უბრალოდ, საბოტაჟით არიან დაკავებული.
„საუბარია ადამიანებზე, რომლებიც მოუწოდებენ, აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთონ, რომ საბოტაჟი მოუწყონ კონსტიტუციურ ინსტიტუტებს; რომლებიც იძახიან, რომ ქვეყანაში უნდა მოხდეს ძალადობრივი გადატრიალება; რომლებიც იძახიან, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ურჩევნიათ, არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და მერე ახალმა ხელისუფლებამ მიიღოს; რომლებიც ამბობენ, რომ ის გააზრებული პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ატარებს, მათთვის უმჯობესია, ბომბების წვიმად იქცეს. ეს ყველაფერი საზოგადოებას კარგად ესმის“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფოს, საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე აღებული აქვს ვალდებულება, რომ საშინაო დავალება შეასრულოს და ამ დავალებას შეასრულებს, იმის მიუხედავად, მიიღებს თუ არა ამაში მონაწილეობას ოპოზიცია.
„მეტსაც გეტყვით, ჩვენ დავადასტურეთ ამდენი წლის განმავლობაში, რომ შეგვიძლია, ეს ყველაფერი გავაკეთოთ, რეკომენდაციები შევასრულოთ, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში გვყავს დესტრუქციული და რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიცია“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.