ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ სოფელ ჯიხაშკარში ერთ-ერთ ოჯახს გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა შეურაცხყოფა მიაყენეს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგი გამართა. მან ჟურნალისტებს წარუდგინა ვიდეომასალა, სადაც მისი თქმით, სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთ ოჯახში მიუვარდნენ გაერთიანებული ოპოზიციის წევრები და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ირაკლი ჩიქოვანმა სამართალდამცველებს მოუწოდა, ყველა მსგავსი ფაქტი შეისწავლონ. „ქართული ოცნების“ შტაბში მიაჩნიათ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ასეთი ქმედებით ცდილობს ვითარების არევას.
„ქართული ოცნების“ ბრალდებებს უპასუხეს გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში. აკაკი მინაშვილის თქმით, ინციდენტი ჯიხაშკარში სულ სხვაგვარად დაიწყო. იყო შეურაცხყოფა და მუქარები ქალების მიმართ და სწორედ ამის შემდეგ მოხდა ის ფაქტი, რაც „ოცნების“ შტაბში უჩვენეს ჟურნალისტებს.
ორივე მხარეს მომხდარის საკუთარი ვერსია აქვს და ორივე მხარემ მიაწოდა ჟურნალისტებს ვიდეომასალა.