ირაკლი ჩარკვიანის ავტობიოგრაფიული წიგნი „მშვიდი ცურვა“ გერმანულად გადაითარგმნება
გერმანული გამომცემლობა Dagyeli Verlag-ი ირაკლი ჩარკვიანის რომანის “მშვიდი ცურვა” გერმანულენოვან თარგმანს გამოსცემს. გამოცემამ უკვე გაასაჯაროვა ავტობიოგრაფიული წიგნის გარეკანიც.
პროექტი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით განხორციელდება და მის გერმანულენოვან თარგმანზე, მთარგმნელი იუნონა გურული იმუშავებს.
„მშვიდი ცურვა“ – მომღერალი ირაკლი ჩარკვიანის 2006 წელს გამოცემული ერთადერთი ავტობიოგრაფიული რომანია, რომელმაც 2014 წელს გაიმარჯვა ქართულ ლიტერატურულ მარათონში – “ჩემი წიგნი”.
რომანი ორ მთავარ პერსონაჟზე – მეფეზე და რუმიზე მოგვითხრობს. მათი ცხოვრება პარალელურად ვითარდება, ისინი ერთმანეთის ალტერ ეგოები არიან. მათი ბედისწერა გადაჯაჭვულია და ერთი ადამიანის ორი ბუნების გამოხატულებაა. ერთი მშენებელი საწყისია, მეორე – დამანგრეველი.
რომანი პირობითად ორ ნაწილად იყოფა. პირველ მათგანში ავტორი ყვება ცნობილი ირანელი პოეტისა და მოძღვრის, რუმის თანამედროვე რეინკარნაციის და თანამოსახელის, ქაბულელი ტერორისტის ისტორიას. მეორე ნაწილში კი, ირაკლი ჩარკვიანი თავის ავტობიოგრაფიასა და სურვილებზე წერს.
მომღერალი წიგნის, „მშვიდი ცურვის“ დასრულების შემდეგ, რამდენიმე თვეში, 2006 წლის 25 თებერვალს საკუთარ ბინაში გარდაიცვალა.
„მშვიდი ცურვის“ გერმანულენოვანი ვერსია გაყიდვაში 2018 წლის ივნისიდან ჩაეშვება.