ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის
მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა არის ყოვლისმომცველი და ძალიან კარგად დაბალანსებული, – ამის შესახებ კომპანია „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომელიც გეგმის პრეზენტაციას დაესწრო.
მისი თქმით, ეკონომიკას სტიმულირება ნებისმიერი კრიზისის დროს სჭირდება.
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს ასეთი კოორდინირებული, სწრაფი და დროული ქმედებისთვის. ასეთი დონის კრიზისი მსოფლიოს ისტორიაში არ ყოფილა და ბუნებრივია, ნებისმიერი კრიზისის დროს, ეკონომიკას სჭირდება სტიმულირება. ეს პაკეტი, რომელიც დღეს წარმოადგინა მთავრობამ, არის ყოვლისმომცველი და არის ძალიან კარგად დაბალანსებული. ერთი მხრივ, ახდენს მოთხოვნის სტიმულირებას, იპოთეკური სესხების ნაწილს ვგულისხმობ, ხოლო მეორე მხრივ, ახდენს მიწოდების სტიმულირებას, აქ ვგულისხმობ სახელმწიფო შესყიდვებისა და ასევე გარანტიების სქემას, რომელიც წარმოადგინა მთავრობამ. ჩვენი აზრით, სტიმულირების ეს პაკეტი და პროგრამა ხელს შეიწყობს დეველოპერულ სექტორში ლიკვიდურობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. შესაბამისად, ძალიან სერიოზულად დაეხმარება ამ სექტორში მოქმედ კომპანიებს და დასაქმებულებს“, – განაცხადა ბურდილაძემ.
მისი თქმით, დახმარების პროგრამის გარეშე კომპანიას გაყიდვები აუცილებლად შეუმცირდებოდა.
„გაყიდვები m2-ს არ შემცირებია. კრიზისი დაიწყო რამდენიმე თვის წინ, მოსალოდნელი იყო გაყიდვების შემცირება, რა თქმა უნდა, რომ არ ყოფილიყო ეს პროგრამა და დახმარების პაკეტი, გაყიდვები სექტორში აუცილებლად შემცირდებოდა. გაყიდვების შემცირება კი, მოგეხსენებათ რასაც ნიშნავს. შეიძლება, ზოგიერთი დეველოპერისთვის საერთოდ ყოფნა-არ ყოფნის საკითხიც დამდგარიყო. ამიტომ ეს პროგრამა ჩვენი აზრით, ამ საფრთხეებს აარიდებს ქვეყანას. არა მარტო სამუშაო ადგილების დაკარგვის საფრთხეს, არამედ იმ საფრთხეებსაც, რომ ზოგიერთ დეველოპერი შეიძლება, საერთოდ გაკოტრებულიყო. აღნიშნული პროგრამა, ჩემი აზრით, მიზნად ისახავს სწორედ გაყიდვების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც კრიზისამდე იყო და შესაბამისად, არ უნდა ველოდოთ ამ პროგრამის არსებობის ფარგლებში გაყიდვების შემცირებას“, – განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, უძრავ ქონების გაძვირება მოსალოდნელი არ არის.
„არავითარ შემთხვევაში არ უნდა ველოდოთ, რომ ფასები გაიზრდება უძრავ ქონებაზე, ეს გამორიცხულია“, – განაცხადა „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელმა.