ირაკლი ბერძენაძე - ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციებზე უარყოფითად აისახება
ახალი რეგულაციები შესაძლოა, მომხმარებლების კუთხით დროულია, მაგრამ ბიზნესის კუთხით ნაჩქარევია და ის არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციებზე ძალიან უარყოფითად აისახება, – ამის შესახებ „არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, “ნანოკრედიტის” დირექტორმა ირაკლი ბერძენაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციებისთვის 50%-მდე ჭერის დაკისრება საკმაოდ რისკის შემცველია, რადგან ბანკები ნაკლებრისკიან სესხებს გასცემენ, არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციები კი სესხებს იმ ფიზიკურ პირებზე გასცემენ, რომლებიც ძალიან მაღალი რისკის მატარებლები არიან, ხოლო როცა რისკი იზრდება, საპროცენტო განაკვეთიც აუცილებლად იზრდება, ამიტომ რეგულაციებზე გადასვლა ეტაპობრივად უნდა მომხდარიყო და არა მყისიერად, რადგან ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციებს თავს საკმაოდ ბევრი რეგულაცია დაატყდათ“, – განაცხადა ირაკლი ბერძენაძემ.
“ნანოკრედიტის” დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ჭარბვალიანობის პრობლემის არასაბანკო საფინანსო სექტორზე გადაბრალება არასწორია.
„თუ ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას გადავხედავთ, რამ წარმოქმნა ჭარბვალიანობა, ვნახავთ, რომ ამის განმაპირობებელი არასაბანკო საფინანსო სექტორი არ არის. ჭარბვალიანობის სტიმულირება ბანკებმა დაიწყეს, ამის შემდეგ არასაბანკო საფინანსო სექტორში გადმოვიდნენ მომხმარებლები, რომლებსაც სესხი ჰქონდათ, მაგრამ დამატებითი ფინანსური რესურსი სჭირდებოდათ, ან ბანკიდან სესხს ვერ იღებდნენ“, – განაცხადა ბერძენაძემ.
ამ განცხადებით ირაკლი ბერძენაძემ გადაცემაში სტუმრად მყოფ „ბანკების ასოციაციის“ პრეზიდენტს, ზურაბ გვასალიას უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ჭარბვალიანობის პრობლემა საბანკო სექტორს არ შეუქმნია და ის არასაბანკო სექტორსა და კერძო მევახშეებს უკავშირდება.
როგორც ირაკლი ბერსენაძემ აღნიშნა, ქვეყანაში მოქმედებს ე.წ. სასესხო პირამიდა, მდგომარეობა, როცა მოქალაქე სასესხო პირამიდაშია ჩართული, ვეღარ ჩერდება, სხვადასხვა სასესხო ვალდებულებას იმატებს და შესაბამისად, ბანკიდან სესხს ვეღარ იღებს.
„ბანკიდან უარის მიღების შემდეგ, მოქალაქე სესხის ასაღებად არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციას აკითხავს, ხოლო ამის შემდეგ ე.წ კერძო მევახშესთან მიდის, რომელიც ნებისმიერი მოქალაქისთვის ყველაზე უარესი კატეგორიაა“, – განაცხადა ირაკლი ბერძენაძემ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა პროექტი, რომელიც სესხის გამცემ ორგანიზაციებს ახალ რეგულაციებს უწესებს.