ირაკლი ბერაია - უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მაღალი დონის სპეცსამსახურია
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიმტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებულ მასშტაბურ სპეცოპერაციას ეხმაურება, რომლის შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერები დააკავეს, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთ გავლენიან ლიდერთან და მისი მეთაურობით გეგმავდნენ სხვადასხვა სახის ტერორისტულ აქტივობას რამდენიმე ქვეყანაში.
როგორც ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს ტერორისტული საფრთხეების ჩანასახოვან სტადიაშივე აღკვეთას, ამით უზრუნველყოფს საქართველოსა და მისი მოქალაქეების ტერორისტული საქმიანობის ყველა ფორმისგან დაცვას, აგრეთვე პარტნიორების უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.
„უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეროვნული კონტრტერორისტული ძალისხმევის წარმატების სათავეში დგას უსაფრთხოების სამსახურის პროფესიონალიზმით და პასუხისმგებლობით გამორჩეული პირადი შემადგენლობა. მათი ოპერატიული და ანალიტიკური უნარები, საჭირო ინფორმაციაზე წინმსწრებად წვდომა, სწორი შეფასება, ადეკვატური რეაგირება და საქმისადმი ერთგულება არის იმის გარანტია, რომ ჩვენი კონტრტერორისტული ძალისხმევა ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით წინ უსწრებს საქართველოს და მისი პარტნიორების უსაფრთხოებისთვის რისკის მატარებელი სუბიექტების საქმიანობას და ხელს უშლის საფრთხეების ზიანად რეალიზებას. უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მაღალი დონის სპეცსამსახურია. ამის არაერთი მაგალითი გვინახავს პრაქტიკაში და არაერთი აღიარება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები კარგად ვიცნობთ სამსახურის საქმიანობას მისი მანდატით გათვალისწირებული ყველა მიმართულებით და ვამაყობთ იმ ადამიანებით, ვინც ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.