ირაკლი ბერაია - უმთავრესი პრიორიტეტი არის დაკარგული ადამიანების პოვნა, ამისთვის კეთდება შესაძლებელიც და შეუძლებელიც
მინდა, კიდევ ერთხელ სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს. უნდა ვთქვა, რომ ეს არის არა მარტო მათი, არამედ ჩვენი უბედურებაც და ტრაგედიაც, ჩვენ მათთან ერთად ვიზიარებთ, განვიცდით და ვატარებთ ამ უდიდეს ტკივილს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ბერაიამ შოვში განაცხადა.
ბერაიას თქმით, ყველაფერი კეთდება დაკარგული ადამიანების სწრაფად საპოვნელად.
„ჩვენ დღეს ვიყავით გასული დაზიანების ზონაში, მოვიარეთ სრული პერიმეტრი, გვქონდა შესაძლებლობა ადგილზე გვენახა, არის ძალიან მძიმე სურათი, ძალიან დიდია დაზიანების არეალი და მასშტაბები. უნდა გითხრათ, რომ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ერთიანი სისტემის ყველა სუბიექტი, აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა უწყება, სამხარეო ადმინისტრაცია, ადგილობრივი თვითმმართველობა მუშაობს სრულ კოორდინაციაში სინქრონიზებულად, რომ მოხდეს ამ ურთულეს სამუშაო პირობებში დაკარგული ადამიანების პოვნა. მუშაობს ათეულობით ერთეული მძიმე ტექნიკა, ათასამდე პირადი შემადგენლობა არის ადგილზე და გაბნეული სხვადასხვა ადგილზე. ერთდროულად მიმდინარეობს ძებნითი სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე, რომ მოხდეს სწრაფად არსებულ პირობებში მაქსიმალურად დაკარგული ადამიანების პოვნა. უნდა გითხრათ, რომ კეთდება ყველაფერი, რათა ის უბედურება, რაც დადგა ამ სტიქიის შედეგად, ამის შედეგებიც იქნას აღმოფხვრილი. უმთავრესი პრიორიტეტი არის დაკარგული ადამიანების პოვნა. კეთდება ყველაფერი, შესაძლებელიც და შეუძლებელიც, რომ მოხდეს ამ ადამიანების მოძიება და იყოს რაც შეიძლება ეფექტიანი რეაგირება ამ საგანგებო სიტუაციაზე. 400-ზე მეტი არის მაშველი, 250-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, იქ არიან რეინჯერებიც და შესაბამისად 1000-მდე არის მათი რიცხვი. უნდა ითქვას, რომ რეაგირება არის ძალიან ეფექტიანი, უწყებები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში და ძებნითი სამუშაოები ხორციელდება სრული დატვირთვით, მოქმედებაში არის მოყვანილი სრულად რეაგირების ყველა გეგმა და კეთდება მაქსიმუმი ამ უმძიმესი მასშტაბის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისთვის“, – განაცხადა ბერაიამ.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, სტიქიის ზონაში კი 17 ადამიანს ეძებენ.
საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.