ირაკლი ბერაია - საქართველოს რეგიონების ოკუპაციით რუსეთი ძირს უთხრის საერთაშორისო დღის წესრიგს
ოკუპაცია არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უმთავრესი გამოწვევა, უმწვავესი პრობლემა, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. დღეს, აგვისტოს ომიდან 13 წლისთავზე, ოკუპაცია კვლავ გრძელდება, გრძელდება ჩვენი მოქალაქეების უფლებათა უხეში დარღვევა, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ, რომელიც გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზთან პარლამენტის თავმჯდომარესთან და დეპუტატებთან ერთად იმყოფებოდა.
მისი თქმით, აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საყოველთაო მტკივნეული ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, რათა აგრესორმა სახელმწიფომ პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, დაასრულოს საქართველოს რეგიონების ოკუპაცია, დაუბრუნდეს სამართლებრივ ჩარჩოებს და შეწყვიტოს საერთაშორისო დღის წესრიგისთვის ძირის გამოთხრა.
„რუსეთი ამას ახორციელებს ჰიბრიდულ კამპანიასთან ერთად, რაც საფრთხის შემცველია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისა და ევროატლანტიკური სივრცისთვის. მიუხედავად რუსეთის აგრესიული ქმედებებისა, საქართველო აგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკას, რომლის მთავარი ამოცანაა ჩვენი რეგიონების დეოკუპაცია, ჩვენი საზოგადოებების შერიგება, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა, არაღიარების პოლიტიკის განხორციელება. ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებებით აქვს პროგრესი. მიუხედავად ამისა, ოკუპაცია კვლავ გამოწვევად რჩება და მთავარი, რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის შემდგომი კონსოლიდაცია. საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს რეგიონების ოკუპაციით რუსეთი ძირს უთხრის საერთაშორისო დღის წესრიგს“, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.