ირაკლი ბერაია - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში მაღალ დონეზე აქტიურად დგას
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, პარტნიორების განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში მაღალ დონეზე აქტიურად დგას.
როგორც ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, ამას ადასტურებს გაერო-ს სხვა განცხადებებიც, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად, ასევე რუსეთის მიერ ოკუპაციის დასაგმობად მუდმივად კეთდება.
„რასაკვირველია, გვაქვს გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა, მტკიცედ ვემხრობით სამშვიდობო ნაბიჯებს და სამშვიდობო ინიციატივას, რომელსაც მხარს უჭერს მთელი ცივილიზებული სამყარო. ამ პრობლემიდან გამოსავალი ერთადერთია – ეს არის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა. ამ მიზნით აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის შემდგომი კონსოლიდაცია, რათა გაძლიერდეს ზეწოლა ოკუპანტ სახელმწიფოზე და ის იძულებული გახდეს, შეასრულოს, როგორც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით, ასევე საერთაშორისო სამართლით ნაკისრი სხვა ვალდებულებები. რუსეთი აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს. სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში ერთადერთი გამოსავალი ამ პრობლემის გადასაწყვეტად არის დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და სამშვიდობო გზა, როგორც უალტერნატივო გზა ამ კონფლიქტის – რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გადასაჭრელად. ზოგადად, საქართველოს ხელისუფლება დღეს არსებულ ვითარებაში თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალისხმევით ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციის თემა დაბრუნდა და აქტიურად არის შენარჩუნებული საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში უმაღლეს დონეზე, ის რაც არ იყო წინა ხელისუფლების პირობებში.
„ძალიან სასაცილოა, როდესაც ადამიანები საუბრობენ საქართველოს რადარებიდან გაქრობაზე. თან, ის ადამიანები, ვინც რადარებიდან კი არა, ლამის რუკიდან გააქრო საქართველო 2008 წელს. ერთი მხრივ, ოკუპაცია არის რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის და მეორე მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობის, მაშინდელი ხელისუფლების, დანაშაულებრივი რეჟიმის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების პირდაპირი შედეგი. ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებებისთვის ვითარების მომწიფების ყველა წინაპირობაა და ყველა ინდიკატორი არსებობდა. ეს მაშინდელმა ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცოდა. მათ თითიც კი არ გაუნძრევიათ, არაფერი გააკეთეს ამ ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად. იცით, რომ დაიღუპა ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა, სამხედრო მოსამსახურეები, სამართალდამცავები, 30 ათასი დევნილი დაემატა ქვეყანას და უკონტროლო ტერიტორიებს დაემატა ახალგორი, კოდორის ხეობა, ასორმოცდაათზე მეტი სოფლით. ფაქტობრივად, საქართველოს რეგიონების 22% „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩააბარა რუსეთს. მოხდა ამის უკანონო აღიარება და რუსეთის დიპლომატიას მიანიშნა წითელი ხაზები. ეს ართულებს სამშვიდობო პროცესს, თუმცა ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ „ნაციონალური ნაცმოძრაობის“ შექმნილი და დატოვებული პრობლემების მათი რეკომენდაციებით და რეცეპტებით გადაწყვეტას. ჩვენ გვაქვს ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა, ამბიციური დღის წესრიგი და ვმოქმედებთ, ჩვენი ამ ნაბიჯების და პრიორიტეტების ფარგლებში“, -განაცხადა ბერაიამ.