ირაკლი ბერაია - საქართველო აგრძელებს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობისა და განვითარების პროცესს
ლევან იზორიასა და მისი ფრანგი კოლეგის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებით კიდევ უფრო ღრმავდება თანამშრომლობა ფრანგულ მხარესთან საჰაერო თავდაცვის კუთხით, რაც არის თავდაცვის სფეროში ერთიანი მიდგომის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
როგორც ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, საქართველო აგრძელებს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობისა და განვითარების პროცესს, როგორც საბრძოლო მზადყოფნის ხარისხის ამაღლებით, ასევე ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობის ზრდით.
„შეიარაღებული ძალების ოპერატიული და ინსტიტუციური შესაძლებლობის განვითარება ხორციელდება თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის და თავდაცვის სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელი სხვა დოკუმენტების შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების საპასუხოდ. ჩვენ ვართ ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა და შესაბამისად, ჩვენი თავდაცვის ორგანიზება, ყველა ნაბიჯი თანხვედრაშია ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის განახლებულ პრიორიტეტებთან. სწორედ ერთ-ერთი ასეთი პრიორიტეტია თავდაცვითი შესაძლებლობების შექმნით საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და ჩვენს თავდაცვის უწყებას ამ მიმართულებით აქვს ძალიან მნიშვნელოვანი, ხელშესახები პროგრესი”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
მისივე თქმით, საჰაერო თავდაცვის სფეროში პრიორიტეტულ კომპონენტებს განეკუთვნება მართვისა და კონტროლის ეფექტიანობის ამაღლება, ნატო-სთან თავსებადი კომპლექსების ექსპლუატაცია, საჰაერო თავდაცვის ახალი შესაძლებლობების შექმნა და მისთვის საჭირო პერსონალისა და ინფრასტრუქტურის მომზადება.
მისივე თქმით, საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრების მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებით საჰაერო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა გადავიდა სრულიად ახალ ეტაპზე.
„საქართველო შეიძენს მართვისა და კონტროლის სისტემებს, რაც სხვა ძირითადი ამოცანების შესრულებასთან ერთად, მომავალში შესაძლებელს გახდის ჩვენი მართვისა და კონტროლის სისტემის ნატოს ერთიანი მართვისა და კონტროლის სისტემაში ინტეგრირებას”,- განაცხადა ბერაიამ.
საჰაერო თავდაცვის მართვისა და კონტროლის სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ფრანგულ მხარესთან მნიშვნელოვანი კონტრაქტი 8 დეკემბერს გააფორმა, რომლითაც ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შესყიდვა გრძელდება.