ირაკლი ბერაია - სამშობლოს დაცვისთვის თავის არიდების წახალისება მავნებლური საქმიანობაა, რაც პირდაპირ ემსახურება მტრის ინტერესებს
რუსული ოკუპაციის ქვეშ მყოფი ქვეყნისთვის თავდაცვის კოდექსის მიღებას ისეთი მნიშვნელოვანი შედეგები ექნება, როგორებიცაა: ჩვენი ჯარის საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯობესება და ნატო-სთან თავსებადობის გაზრდა, ტოტალური თავდაცვისა და ეროვნული წინააღმდეგობის სისტემის სრულფასოვანი დანერგვა, გაზრდილი საერთაშორისო მხარდაჭერა, საკანონმდებლო დონეზე გამყარებული სოციალური გარანტიები და, რაც მთავარია, თავდაცვის ძალების პოპულარობის, მიმზიდველობის ზრდა, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის შეფასებისას.
მისივე განმარტებით, კონსტიტუციით, საქართველოს დაცვა ყოველი მოქალაქის ვალია, შესაბამისად, სახელმწიფო იღებს სრულ პასუხისმგებლობას, სათანადოდ მოამზადოს მოქალაქეები ამ ვალდებულების შესრულებისთვის.
„კოდექსით ხორციელდება სამხედრო სამსახურის ფუნდამენტური გადააზრება და ძირეული რეფორმა ნატო-ს წევრი სახელმწიფოების საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. წვევამდელთა ეროვნული სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, უპრეცედენტოდ მოქნილი პირობებით. ახალი სისტემით, ჯარში გაწვეული თითოეული ახალგაზრდა გაივლის ნატო-ს სტანდარტის საბრძოლო მომზადებას, იცხოვრებს თანამედროვე ყაზარმებში, უზრუნველყოფილი იქნება ნატო-ს სტანდარტის შეიარაღებით და აღჭურვილობით, საუკეთესო კვებით, არსებითად გაზრდილი ანაზღაურებით. დიახ, არსებითად გაზრდილი ანაზღაურებით, უპრეცედენტო სოციალური გარანტიებით, დაზღვევით და უმაღლესი განათლების თანადაფინანსებით. ქართულ ჯარში ახალგაზრდები შეიძენენ საუკეთესო გამოცდილებას და უნარებს, რასაც ვერ შეიძენენ ვერსად სხვაგან, რაც გამოადგებათ მთელი ცხოვრების მანძილზე, მიუხედავად იმისა, თუ რა კარიერას აირჩევენ მომავალში. ეს იქნება მათ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და დასამახსოვრებელი პერიოდი“, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.
კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, სამწუხაროა, რომ, ამ მნიშვნელოვანი რეფორმის პარალელურად, რიგი პოლიტიკოსები კოდექსის დისკრედიტაციის კამპანიას აქტიურად აწარმოებენ და ჯარისკაცების მიერ სამშობლოს დაცვას „მონობასთან“ აიგივებენ.
„სამშობლოს დაცვისთვის თავის არიდების წახალისება არის მავნებლური საქმიანობა, რაც პირდაპირ ემსახურება მტრის ინტერესებს, რომელსაც ბრძოლისუნარიანი და წინააღმდეგობის გამწევი საქართველო, არ სურს, იხილოს. ეს ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, თავდაცვითი შესაძლებლობების დასუსტებას, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის ხარჯზე რამდენიმე სუბიექტის გამდიდრებისთვის არხების შენარჩუნებას.
გეცვას უნიფორმა და იცავდე სამშობლოს, ყველაზე ღირსეული, საპატიო და დასაფასებელი საქმიანობაა! ნატოელი პარტნიორების შეფასებით, ქართული ჯარი დღეს არის სამაგალითო და ერთ-ერთი საუკეთესო მთელ მსოფლიოში. ჩვენი თავდაცვის პოლიტიკის ღერძი არის სწორედ ჯარისკაცი, სამხედრო მოსამსახურე, მისი დაფასება, მასზე ზრუნვა და მისთვის სამსახურის და ცხოვრების ღირსეული პირობების უზრუნველყოფა“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.