ირაკლი ბერაია - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოხსენება საჯაროა, კითხვა-პასუხის რეჟიმი იხურება, ამიტომ ოპოზიციის ბრალდებები სასაცილოა
პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, სასაცილოა ოპოზიციის ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშის მოსმენის შემდეგ კითხვა-პასუხის ნაწილი დახურულ ფორმატში გაგრძელდა.
ირაკლი ბერაიას თქმით, „ოპოზიციას აღქმისა და გააზრების პრობლემა აქვს“.
„სხდომის დახურვას ტრადიციულად მივმართავთ. არა მხოლოდ ჩვენ მივმართავთ, არამედ დასავლური ქვეყნები. მოხსენება საჯაროა, კითხვა-პასუხის რეჟიმი იხურება და ეს ასეც უნდა ხდებოდეს. ამიტომ ოპოზიციის ბრალდებები და გამონათქვამები სასაცილოა. ანგარიში საკმაოდ დატვირთულია შინაარსობრივად. საუბარია ქვეყნის უსაფრთხოებაზე, გამოწვევებზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებს სრულად პასუხობს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში უწევს საქმიანობა, გაიზარდა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები, გამოწვევები, ის წარმატებულად და ეფექტიანად მუშაობდა. როგორც ჩანს, ოპოზიციამ ვერ ისწავლა, რა არის ამ სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ამოცანები“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ამასთან, როგორც ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაზე მუშაობს და უწყებისთვის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი მთავარი პრინციპია.
„პოლიტიკური ნეიტრალიტეტია მთავარი პრინციპი და ამ სამსახურის ხელმძღვანელებს საერთოდ არ აინტერესებთ არც აქუბარდიას და არც ბერაიას პოლიტიკური გემოვნება. უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაზე მუშაობს და ამ საქმიანობას ნეიტრალურად უყურებს. ყველას მოვუწოდებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას პოლიტიკური სათვალის გარეშე შეხედონ და იმ ადამიანების მადლიერი იყვნენ, რომლებიც ფასდაუდებელ შრომას ეწევიან, რათა ადამიანებმა ქვეყანაში თავი დაცულად იგრძნონ. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება პოლიტიკოსებმა გააკეთონ, ამ ადამიანების შრომის დაუნახაობაა“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტში ანგარიში წარადგინა. მოხსენების შემდეგ სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა. მოგვიანებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ პარლამენტში კომიტეტის სხდომა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დახურა.