ირაკლი ბერაია - რუსი ოკუპანტები და დესტრუქციული „ნაციონალური მოძრაობა“ არიან ერთი მედლის ორი მხარე
ძალიან სამწუხაროა, რომ რუსულ ოკუპაციაზე მსგავსი ტონით საუბრობენ ადამიანები, ვინც ოკუპანტებთან ერთად არიან თავად ოკუპაციის და ჩვენი ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარების შემოქმედნი, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია რუსეთის ფედერაციის განცხადებას.
„ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ერთი მხრივ, რუსული სამხედრო აგრესიის, მეორე მხრივ კი, წინა ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების და მავნებლობის შედეგია. რუსი ოკუპანტები და დესტრუქციული „ნაციონალური მოძრაობა“ არიან ერთი მედლის ორი მხარე. როდესაც ეს ადამიანები ამბობენ, რომ საქართველო ქრება რადარებიდან, საქართველო კი არ ქრება რადარებიდან, ეს მათი პოლიტიკური გადაშენების შუქცევად გზაზე მდგარი დანაშაულებრივი რეჟიმის გადმონაშთებით და ავანტიურისტებით დაკომპლექტებული პოლიტიკური ძალა დგება გადაშენების გზაზე. ის შავი ლაქა, რომლის სახითაც ისინი ჯერ კიდევ არიან პოლიტიკურ რადარებზე შემორჩენილი, იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო დაპატარავდება და საერთოდ გაქრება. ეს არჩევნები ამას კარგად დაგვანახებს“,- განაცხადა ბერაიამ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საკმაოდ ქმედუნარიანად და აქტიურად იმ ეგზისტენციალური საფრთხის წინააღმდეგ, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა.
„არაერთი პრაქტიკული ნაბიჯია გადადგმული მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით. რუსული აღიარების პოლიტიკამ, იცით, რომ სრული კრახი განიცადა და ამ მიმართულებით სრულიად წარუმატებელია“, – აღნიშნა ბერაიამ.