საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით შეხვედრა გამართა რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლაე ჩიუკასთან.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, რუსული სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, აღნიშნულის გავლენა შავი ზღვის რეგიონის და ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე.
„რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერას. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ორ ქყეყანას შორის პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების და გაღრმავების მნიშვნელობა.
ქართული მხრიდან, შეხვედრაში მონაწილეობდნენ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი“,-აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.