ირაკლი ბერაია - ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება
ყველაზე მთავარი მოქალაქეების უსაფრთხოებაა, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები არიან ჩვენი მოქალაქეები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ბერაიამ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.
„აფხაზეთის მიმდინარე ე.წ. პოლიტიკურ პროცესებზე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ყველანაირი ე.წ. არჩევნები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტარდება, არის უკანონო. მას არ აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება, არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს ლეგიტიმაცია. რაც შეეხება იქ მიმდინარე მოვლენებს, საზოგადოებაში არსებულ დაძაბულობას, ეს არის საოკუპაციო ძალის პირდაპირი პასუხისმგებლობა, ისევე, როგორც ყველა სხვა უკანონობა, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
მისივე თქმით, მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობას.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გუშინ დილიდან მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეთა ნაწილი ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრა. სოციალურ ქსელში შეჭრის კადრებიც გავრცელდა.
აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობენ არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.
ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს.