ირაკლი ბერაია - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ორ რეზოლუციას დაემატება მესამე რეზოლუცია, რომელშიც კიდევ ერთხელ იქნება მკაფიოდ გამოხატული ჩვენი ქვეყნის მიმართ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა
ირაკლი ბერაია - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ორ რეზოლუციას დაემატება მესამე რეზოლუცია, რომელშიც კიდევ ერთხელ იქნება მკაფიოდ გამოხატული ჩვენი ქვეყნის მიმართ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების ფორმატში იქნა განხილული არაერთი ანგარიში და რეზოლუციის პროექტი, რომლებიც დაამტკიცეს კომიტეტებმა, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ კოპენჰაგენში განაცხადა.

მისი თქმით, რეზოლუციაში მოხსენიებულია საქართველოს მიმართ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა.

„მოხსენიებული არის ჩვენი ქვეყნის მიმართ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა, როგორც ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ნატო-ში ინტეგრაციის და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისა და მედეგობის განმტკიცების კუთხით ორ რეზოლუციაში, რაც მნიშვნელოვანია და იმის გამოვლინებაა, რომ საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგში საქართველო იკავებს უმნიშვნელოვანეს ადგილს. რეზოლუციაში, რომელიც ასევე ეხებოდა ალიანსის თავდაცვას და შეკავებას და იყო შედარებით ზოგადი სხვა რეზოლუციებისგან განსხვავებით, ჩვენი დელეგაციის ინიციატივით იყო შეთავაზებული ცვლილება, სადაც იქნა შეთავაზებული ცვლილება, ვითხოვეთ დაკონკრეტება, ნატო-ს ასპირანტი სახელმწიფოების თვალსაზრისით ყოფილიყო საქართველო დაკონკრეტებული და ასევე ყოფილიყო ხაზგასმული ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების, ისევე როგორც საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის პაკეტის განხორციელებაში, რა თქმა უნდა, ალიანსის წევრი სახელმწიფოების მიმართ მხარდაჭერა. ვინც იყო ავტორი ამ რეზოლუციის, თურქეთის წარმომადგენელი, ჩვენი არგუმენტები და ჩვენი შენიშვნა იქნა გათვალისწინებული და საპარლამენტო ასამბლეის ორ რეზოლუციას ასევე დაემატება მესამე რეზოლუცია, რომელშიც კიდევ ერთხელ იქნება მკაფიოდ გამოხატული ჩვენი ქვეყნის მიმართ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა“, – განაცხადა ბერაიამ.