ირაკლი ბერაია - გიორგი გახარიასა და მაიკ პომპეოს საუბარი ადასტურებს, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას და დემოკრატიულ რეფორმებს
არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება არის ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
როგორც დეპუტატი აცხადებს, გიორგი გახარიასა და მაიკ პომპეოს საუბარი ადასტურებს, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დემოკრატიულ რეფორმებსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებას.
„ამერიკის შეერთებული შტატები არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მასთან თანამშრომლობას და ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და გაფართოებას. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პრემიერ გიორგი გახარიასა და მაიკ პომპეოს საუბარს. ეს საუბარი კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დემოკრატიულ რეფორმებს, ევროატლანტიკურ მისწრაფებას. საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვა, უსაფრთხოების სფერო, ეკონომიკისა და სავაჭრო მიმართულებით. არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება არის ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ყველა მომდევნო არჩევნები იმართებოდა წინა არჩევნებთან შედარებით უფრო მაღალი დემოკრატიული სტანდარტით. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არის ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი, რათა არჩევნები მაღალი, საუკეთესო დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდეს. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებებს, მათთვის სასურველ ინტერპრეტაციებს სერიოზულად არ აღვიქვამ. არ მგონია, ქვეყანაში ვინმე პროგრესულად მოაზროვნე ადამიანს ადარდებდეს, რას იტყვის „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს.