ირაკლი ბერაია - დიდი ბრიტანეთის დელეგაციასთან საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობაზე, უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ვიმსჯელეთ
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარესთან, ჯონათან ჯანოგლისთან და დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე, მის შემდგომ გაღრმავებასა და გაძლიერებაზე, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.
„ვისაუბრეთ უსაფრთხოების გარემოზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსულ სამხედრო აგრესიასა და მის გავლენაზე რეგიონულ უსაფრთხოებაზე. ჩვენი საუბრის თემებს, რა თქმა უნდა, განეკუთვნებოდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, საქართველოს ნატო-ში გაწევრების მნიშვნელობა. ყურადღება გავამახვილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებასა და გაძლიერებაზე, განსაკუთრებით თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეების სრული სპექტრის საპასუხოდ“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
როგორც მან აღნიშნა, დიდი ბრიტანეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც ურყევია თავის მხარდაჭერაში ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
„საქართველოსა და ბრიტანეთის შესაბამისი უწყებები მჭიდროდ თანამშრომლობენ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ამ ურთიერთობების შემდგომი გაფართოება და გაღრმავება“, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.
ბრიტანელ პარლამენტარებთან გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი და დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სოფიო ქაცარავა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.