ირაკლი ბერაია - დიდი ბრიტანეთი არის საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი, ლონდონში ჩვენი ვიზიტის მიზანია ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების ხელშეწყობა
თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია ვიზიტით ვიმყოფებით გაერთიანებულ სამეფოში, დიდი ბრიტანეთი არის საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი, მასთან თანამშრომლობის გაღრმავება და გამტკიცება ჩვენთვის არის განსაკუთრებული პრიორიტეტი, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
ბერაიას თქმით, ვიზიტის მიზანია ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების და გაძლიერების ხელშეწყობა.
„განსაკუთრებით ეს ეხება საპარლამენტო განზომილებას. ჩვენ ვაპირებთ ჩვენს პარტნიორებთან ვისაუბროთ როგორც უსაფრთხოების გარემოზე, ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. ვისაუბროთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების და მედეგობის გაძლიერებაში ბრიტანული მხარდაჭერის კიდევ უფრო გაზრდაზე და, რა თქმა უნდა, გვექნება შეხვედრები როგორც ჩვენს კოლეგებთან, კანონმდებლებთან, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეროვნული უსაფრთხოების სტრუქტურებში, ასევე ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელებთან და, ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან საინტერესო და ძალიან პროდუქტიული ვიზიტი“, – განაცხადა ბერაიამ.