თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში ამერიკის მხარდაჭერის საკითხებზე ისაუბრეს.
„საქართველოს უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში ამერიკის შეერთებული შტატების როლი განსაკუთრებულია. ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესების დაცვისთვის, არამედ მთლიანად რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. შეერთებულ შტატებთან ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და გაძლიერება ჩვენთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს. ელჩთან შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე და, განსაკუთრებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ვისაუბრეთ“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
აშშ-ის ელჩის შეფასებით, კომიტეტის თავმჯდომარესთან პროდუქტიული და საინტერესო შეხვედრა გაიმართა.
„შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და, კონკრეტულად, ჩვენი უსაფრთხოების სფეროში არსებული ურთიერთობები. ვფიქრობ, უსაფრთხოების მიმართულებით ჩვენი ურთიერთობები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საყრდენია. შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ, როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს, გააგრძელოს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერა. მე დიდ პატივს ვცემ ჩვენს პარტნიორობას და ძალიან ვაფასებ იმ როლს, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ შეასრულა ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით ურთიერთობების განმტკიცებაში“, – განაცხადა რობინ დანიგანმა, რომლის კომენტარიც პარლამენტმა გაავრცელა.
ამერიკელი დიპლომატისა და კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრას საელჩოს ატაშე ჯოზეფ ბილბო დაესწრო.