ირაკლი ბერაია - ამერიკელი კონგრესმენის ანგარიში ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, გააგრძელონ საქართველოს მხარდაჭერა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში
ირაკლი ბერაია - ამერიკელი კონგრესმენის ანგარიში ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, გააგრძელონ საქართველოს მხარდაჭერა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში

ამერიკელი კონგრესმენის, ჯერალდ კონოლის ანგარიშში, რომელიც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში პოლიტიკის კომიტეტმა დაამატკიცა, დაგმობილია რუსეთის აგრესია და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, – ამის შესახებ ლონდონში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი ბერაიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, დოკუმენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს.

„დღეს პოლიტიკურ კომიტეტზე დაამტკიცეს კონგრესმენ კონოლის მიერ მომზადებული ანგარიში – „ნატოს უალტერნატივობა დაარსებიდან 70 წლის თავზე.“ დოკუმენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს. დოკუმენტში არის დაგმობილი რუსეთის აგრესია და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია. ანგარიშში მხარდაჭერილია საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. დოკუმენტის ერთ-ერთი გზავნილი არის ის, რომ რუსეთი ვერ შეაჩერებს ასპირანტი ქვეყნების და მათ შორის, საქართველოს ინტეგრაციას ალიანსში. დოკუმენტი ხაზგასმით მოუწოდებს ალიანსის წევრ სახელმწიფოებს, გააგრძელონ ასპირანტი ქვეყნების და განსაკუთრებით საქართველოს მხარდაჭერა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოს საკითხი ძალიან აქტიურად დგას საერთაშორისო არენაზე და განსაკუთრებით ისეთ მაღალ ფორუმებზე, როგორიც არის ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა,“ – განაცხადა ბერაიამ.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში, პოლიტიკის კომიტეტმა ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის წარმომადგენლის, კონგრესმენ ჯერალდ კონოლის მიერ მომზადებული ანგარიში დაამტკიცა.

ანგარიშის მე-17 და 42-ე მუხლებში საუბარია საქართველოზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და იმაზე, რომ ნატო-სთვის კვლავ გამოწვევად რჩება აგრესიული რუსეთი.