ირაკლი ბენდელიანი - წყალსადენზე დაზიანების აღმოსაფხვრელად სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, დასრულებას, მაქსიმუმ, ერთი კვირა დასჭირდება
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ცენტრალურ მაგისტრალურ წყალსადენზე დაზიანების აღმოსაფხვრელად სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და დასრულებას, მაქსიმუმ, ერთი კვირა დასჭირდება.
ამის შესახებ ბენდელიანმა თბილისის მერიაში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
,,დედაქალაქის მერთან ერთად „ჯივიპის“ წარმომადგენლებთან გვქონდა სამუშაო შეხვედრა. როგორც მოსახლეობამ იცის, ბოლო ორი დღის განმავლობაში შეფერხებით მიეწოდება მოსახლეობას სასმელი წყალი. ამის მიზეზი არის საგურამოში წარმოქმნილი ბუნებრივი პროცესები, რამაც დააზიანა სასმელი წყლის მაგისტრალი. ბუნებრივია, თავიდანვე, როდესაც ეს ფაქტი მოხდა, კომპანიის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. შესაბამისის ჯგუფები ადგილზე არიან და 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ აღდგენით სამუშოებს. დღეის მდგომარეობით, არის დაახლოებით 63 000 აბონენტი, ვისაც გრაფიკით მიეწოდება სასმელი წყალი. გარდა ამისა, მოსახლეობის მოთხოვნის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი რეზერვუარების საშუალებით წყლის მიწოდება. როგორც აღვნიშნე, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები და, მაქსიმუმ, ერთი კვირა დასჭირდება იმას, რომ არსებული მდგომარეობა სრულად აღდგეს“, – განაცხადა ბენდელიანმა.
თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და კახა გულედანთან ერთად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) გენერალურ დირექტორს, ხოსე მიგელ სანტოს გონსალესს და აქტივების მართვის დირექტორს, გიგა ნადირაძეს დედაქალაქის მერიაში დღეს შეხვდა.