ირაკლი ბენდელიანი - წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებისთვის ოთხ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლებიც უკვე ჩაერთნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის ოთხი ახალი კომპანია შეირჩა.
ბენდელიანის თქმით, აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლები უკვე ადგილზე მუშაობენ.
„მიმდინარეობდა ბაზრის კვლევის ეტაპი. ეს დოკუმენტაცია დაეგზავნა რამდენიმე კომპანიას, აქედან ოთხმა კომპანიამ გამოთქვა მზაობა, წერეთლის სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობა მიეღო. შესაბამისად, გავიარეთ ამ ოთხი კომპანიის დოკუმენტაცია და, ამ წუთის მდგომარეობით, უკვე ამ ოთხ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია. ეს კომპანიები არიან კომპანია „ენკო“, კომპანია „პარმა“, კომპანია „ჯეო გრუპი“ და კომპანია „ბლექ სი გრუპი“, რომლებიც უკვე ჩაერთნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში და მიმდინარეობს აქტიურად სამუშაოები. რაც შეეხება კომპანია „პარმას“, მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, წერეთლის გამზირზე რომ გასულიყავით დაახლოებით ერთი თვის წინ, ნახავდით ამ კომპანიის ტექნიკას. ნოემბრის შუა რიცხვებში გაფორმდა ხელშეკრულება კომპანია „პარმასთან“, ოღონდ უნდა გამოვყოთ ახლა ერთმანეთისგან, რომ მოსახლეობა შეცდომაში არ შევიყვანოთ. თქვენ იცით, რომ წერეთლის გამზირზე, საგზაო სამუშაოების გარდა, არის უამრავი სამუშაო და არის უამრავი სხვა კომპანიაც ჩართული. დეკემბრის დასაწყისიდან ეს კომპანია აქტიურად მუშაობს წერეთლის გამზირზე ტროტუარების მოწესრიგების ნაწილში. ეს ინფორმაცია არის საჯარო და თითოეულ თქვენგანს შეუძლია ამის გადამოწმება. დღეს რომ წერეთლის გამზირზე გახვიდეთ, შეიძლება, სხვა კომპანიის ბრენდირებული ტექნიკებიც ნახოთ. ჩვეულებრივი პროცესია. ნებისმიერ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე შეგიძლიათ გახვიდეთ და ნახოთ სხვადასხვა კომპანიის ბრენდირებული ტექნიკა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ის კომპანიაა. მათ შორის მუშახელიც, რადგან ის ტექნიკა მუშახელის გარეშე ვერ მუშაობს“, – განაცხადა ბენდელიანმა.