ირაკლი ბენდელიანი - პოლიტიკა და მეწყერი ერთმანეთთან კავშირში არ არის
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად, ბროწეულის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა იგეგმებოდა.
აღნიშნული ქუჩის N41-ში მცხოვრებმა მოსახლეობამ საბურთალოს გამგეობის წარმომადგენლებთან ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გამართეს, დღეს კი მათ მერის მოადგილისა და დარგის სპეციალისტებისგან დამატებითი ინფორმაცია უნდა მიეღოთ.
ირაკლი ბენდელიანის თქმით, ადგილობრივმა მოსახლეობამ მერიისა და სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა არ ისურვა, რადგან არ აქვთ სურვილი, ექსპერტებისგან კომპეტენტური მოსაზრებები მოისმინონ. ბროწეულის ქუჩის მოსახლეობა დედაქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა ირაკლი ბენდელიანმა განუმარტა, რომ მუნიციპალიტეტის მერია ნებისმიერ დროს მზადაა, მათ კითხვებს ამომწურავად უპასუხოს.
„ბოლო დღეების განმავლობაში, მოსახლეობისგან კითხვები არსებობდა. აინტერესებდათ მეტი ინფორმაცია, თუმცა ჩემდა გასაკვირად, მათ შეხვედრის სურვილი არ გამოთქვეს. იმის ნაცვლად, რომ კიდევ უფრო მეტი დეტალი მიგვეწოდებინა მათ უსაფრთხოებასა და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, დამრჩა განცდა, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, ამ ყველაფრის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პოლიტიკა და მეწყერი ერთმანეთთან კავშირში არ არის. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ყველა შესაბამისი სამსახური, არამარტო ამ კორპუსის მოსახლეობასთან, არამედ ნებისმიერ პირთან, ვისაც კი რაიმე სახის კითხვა ექნება, მზად ვართ, 24-საათიან რეჟიმში ყველანაირ კითხვაზე პასუხის გასაცემად, სათანამშრომლოდ და აქ მე პრობლემას ვერ ვხედავ“, – განაცხადა მერის მოადგილემ.
რაც შეეხება მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხს, ირაკლი ბენდელიანი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე, ბროწეულის ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
„უმჯობესი იქნებოდა ეს ინფორმაცია მოსახლეობისგან მოგვესმინა, თუმცა წინა დღეების განმავლობაში, ყოველთვის ამას ვამბობდით და ახლაც იგივე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრება უსაფრთხოა. დღევანდელი მონაცემებით, აქაც და მიმდებარე ტერიტორიაზეც, ცხოვრება არის უსაფრთხო, თუმცა ყველა შესაძლო სცენარისთვის მერია და შესაბამისი სამსახურები მზად არიან. ყველანაირი ზემოქმედება, მათ შორის, ბუნებრივი ფაქტორები, უხვი რაოდენობით ნალექის მოსვლა, გარკვეულწილად, თავის კვალს დატოვებს მეწყრულ პროცესებზე. ბოლო დღეების განმავლობაში გვესმის შეკითხვა, თუ არსებობს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა. რა თქმა უნდა, არსებობს, იმიტომ, რომ როდესაც კრიზისული სიტუაციის დაგეგმვა ხდება, ყოველთვის ვემზადებით გაცილებით უარესი სცენარისთვის. ეს გეგმაც და შემდგომი ღონისძიებებიც, დეტალურად გვაქვს გაწერილი. იმედი მაქვს, ამ გეგმის გამოყენება არ დაგვჭირდება, თუმცა თუ დაგვჭირდა, შესაბამისი სამსახურები სრულ მზადყოფნაში არიან“, – აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კვლევა-პროექტირების სამუშაოები. გარდა ამისა, მომზადდა რამდენიმე სახის ტექნიკური დოკუმენტი. ასევე, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით.
„ამ ყველაფრის გათვალისწინებითა და ერთობლიობით ვამბობთ, რომ აქ ცხოვრება არის უსაფრთხო. ნებისმიერ წუთს, თუ აქ სცენარი გაუარესდება და მეწყერი ბევრად უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს, აუცილებლად, პირველი ღონისძიება იქნება უსაფრთხოების ნორმები მოსახლეობის ჯანმრთელობიდან გამომდინარე“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.
ბროწეულის ქუჩაზე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, თბილისის მერიის, საბურთალოს გამგეობის, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ასევე, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები იმყოფებოდნენ.