ირაკლი ბენდელიანი - ნაპრალები, რომელზეც დღეს დაიწყეს საუბარი, არის ბევრად უფრო ადრე წარმოქმნილი და არ უნდა გაიგივდეს ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდზე მეწყერულ პროცესებთან
მნიშვნელოვანია, მოსახლეობისთვის გასაგები იყოს, რომ რამდენიმე დღის წინ წარმოქმნილ მეწყერულ პროცესებთან არ მოხდეს იმ ნაპრალების გაიგივება, რომელზეც დღეს დაიწყეს აქტიურად საუბარი. ეს არის ორი სრულიად განსხვავებული პროცესი, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ბენდელიანმა აღნიშნა, დღეს გავრცელდა ინფორმაცია მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდზე ახალი ნაპრალები გაჩნდა, თუმცა მისივე განმარტებით, ეს არის ბევრად უფრო ადრე წარმოქმნილი ნაპრალები, რომელიც არც არის მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი.
„დედაქალაქის მასშტაბით არსებობს სხვადასხვა ლოკაცია, სადაც მიმდინარეობს ზოგადად მეწყერული პროცესები, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სასწრაფოდ ახლა დედაქალაქის მოსახლეობის ევაკუაცია უნდა გავაკეთოთ და ქალაქი საფრთხის წინაშეა. ეს არის არასწორი მიდგომა და კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველა მედიასაშუალებას, რომ ნუ შეიყვანენ მიზანმიმართულად მოსახლეობას შეცდომაში და ნუ დათესავენ პანიკას.
რაც შეეხება კონკრეტულ გეგმას, ამ ეტაპისთვის, უკვე რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს კონკრეტული ადგილის კვლევა. უამრავი დეტალია დასადგენი, დასაზუსტებელი. ასევე, უნდა განისაზღვროს ზუსტი მეთოდოლოგია სამუშაოების. მომდევნო კვირაში უკვე შემოგვიერთდებიან გერმანელი ექსპერტები და ერთიანი კონსულტაციის შედეგად მოხდება კონკრეტული სამუშაოების დაგეგმვა და ეტაპობრივი განხორციელება“, – განაცხადა ბენდელიანმა.