ირაკლი ბენდელიანი - „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, 93 ობიექტი რეაბილიტირდა, რომელთაგან 74 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია
2018-2021 წლებში, „თბილისის განვითარების ფონდის“ პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, 93 ობიექტი რეაბილიტირდა, რომელთაგან 74 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით 2018-2021 წლებში 195 000 000 ლარი დაიხარჯა.
როგორც პრეზენტაციისას თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, ძველი თბილისი დედაქალაქის გამორჩეული ადგილია და შესაბამისად, თითოეული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია-რესტავრაცია მნიშვნელოვანია.
„ეს უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რადგან ძველი თბილისი თავისი შენობა-ნაგებობებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით გამორჩეულია. ეს არის ის, რითაც ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანი ვამაყობთ. შესაბამისად, ამ კონკრეტული ქუჩების, უბნების, შენობების რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია. ამის მაგალითია ორბელიანის მოედანი, სადაც ახლა ვიმყოფებით, ხედავთ, როგორი კეთილმოწყობილი და გალამაზებულია. მიმდინარეობს ასევე, გუდიაშვილის მოედნის განახლება-რეაბილიტაცია, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება. ჩვენ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით. ეტაპობრივად გვინდა ყველა იმ ქუჩის განახლება, ყველა იმ სახლის გალამაზება, რომელიც ამ ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი მიდგომაა, რომ ეს რეაბილიტირებული, განახლებული, მოვლილი შენობა-ნაგებობები გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს. როგორც რიგითი მოქალაქე, ვიტყვი, რომ მართლაც სულს და გულს უხარია, როდესაც განახლებულ და რეაბილიტირებულ შენობა-ნაგეგებობებს ვუყურებ ძველ თბილისში და ეს მომავალშიც უნდა გაგრძელდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ირაკლი ბენდელიანის ინფორმაციით, ამავე პროექტის ფარგლებში, ამჟამად მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის 33 ძეგლის რეაბილიტაცია; ათი ისტორიული სადარბაზოს და ერთი ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია.
მერის მოადგილის თქმით, განხორციელდა შემდეგი პროექტები: ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის I ეტაპი, რომლის ღირებულებამ დაახლოებით, 700 ათასი ლარი შეადგინა. ამასთან, მისივე განმარტებით, „თბილისის განვითარების ფონდს“ უკვე მომზადებული აქვს ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის საპროექტო დოკუმენტაცია, რომლის ღირებულება დაახლოებით, 10 მლნ ლარს შეადგენს და შესაბამისი ფინანსური რესურსის არსებობის შემდეგ, აღნიშნული სამუშაოები დაიწყება.
გარდა ამისა, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, განხორციელდა ორბელიანის მოედანზე და მიმდებარე ქუჩებზე მდებარე 22-მდე შენობის სარესტავრაციო სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთაგან 13-ს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს; რეაბილიტაცია ჩაუტარდა მშრალ და ზაარბრიუკენის ხიდებს; განხორციელდა დარეჯან დედოფლის სასახლის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები; სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა დედაენისა და 9 მარტის ბაღებში.
რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, მერის მოადგილის გაცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარედ არსებული 30-მდე შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის 22 ძეგლია; აღნიშნული შენობების მესაკუთრეთა რაოდენობა 250-მდეა.
მისივე თქმით, „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ასევე, მიმდინარეობს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაცია-რესტავრაცია. პროექტის ბიუჯეტი 3 300 000 ლარია და მის დაფინანსებაში ფრანგული მხარეც მონაწილეობს. მიმდინარე პროექტების რიცხვშია ასევე, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე; მიმდინარეობს თაბუკაშვილის N46/ლაღიძის N6-ის (კადეტთა კორპუსი) სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ირაკლი ბენდელიანმა დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეში ჯოვანი სკუდიერის ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიის, ასევე, ე.წ. მხატვრების პავილიონის მოწყობის სამუშაოები დაიწყება.