ირაკლი ბათიაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობა ძალიან მტკივნეულ პროცესებთან იქნება დაკავშირებული
„ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობა ძალიან მტკივნეულ პროცესებთან იქნება დაკავშირებული, – ამის შესახებ ირაკლი ბათიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ განაცხადა.
„მათი აგრესიულ-რევანშისტული განწყობების რეალიზება უმტკივნეულოდ არ მოხდება. თუ მიაღწიეს იმას, რომ პრეზიდენტის პოსტი დაიკავეს, ის საერთაშორისო არენაზე მუდმივად შეეცდება, საბოტაჟი აწარმოოს, შიგნით კი, როგორც ამის მომენტი დადგება, თავისი უშუალო მონაწილეობით, ხელს შეუწყობს მასობრივ დესტაბილიზაციას“, – განაცხადა ბათიაშვილმა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, მარგინალიზებული, აგონიაში მყოფი ძალა გაცოცხლდა და სერიოზული რევანშისთვის ემზადება, რაც ვერავის წარმოედგინა.
„ეს ბევრმა წინაპირობამ განაპირობა. ერთ-ერთი მიზეზი ხელისუფლების მიერ დაშვებული მთელი რიგი სერიოზული შეცდომებია – სუსტი, უნიათო და ამორფული პოლიტიკა. როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა, მის მიმართ მოლოდინი ძალიან დიდი იყო და როდესაც ის ვერ გამართლდა, ეს ძალიან სწრაფად გადაიზარდა არა მხოლოდ ნიჰილიზმში, არამედ უკვე – ხელისუფლების მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებაში“ – განაცხადა ბათიაშვილმა.
როგორც ბათიაშვილმა აღნიშნა, ნეგატიური მუხტი ადრე თუ გვიან, ყველა ხელისუფლების მიმართ იწყება, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, ანუ აგრესიული განწყობის ფორმირება, ბუნებრივი პროცესი არ არის.
„ეს მიზანმიმართულად კეთდება და ამას დესტრუქციული, პროპაგანდისტული ბომბარდირების გზით „რუსთავი 2“ აკეთებს. დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი, განსაკუთრებით, მათი საკადრო პოლიტიკის მიმართ, რადგან მთელი რიგი პრობლემების სათავე სწორედ იქაა, მაგრამ სულ რომ იდეალური ხელისუფლება მოიყვანო, დავით აღმაშენებელი და ილია ჭავჭავაძე რომ გავაცოცხლოთ და მოვიყვანოთ, „რუსთავი 2“ ყველაფერს გააკეთებს, რომ საზოგადოებაში მუდმივად ნეგატიური მუხტი გააღვივოს. ეს მანქანა ამისთვისაა მომართული, რათა საქმე დესტრუქციულ პროცესებამდე მიიყვანოს“, – განაცხადა ბათიაშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონია და ხალხი სამართლიანადაა გაღიზიანებული, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში საქართველოს განვითარების სერიოზული პერსპექტივა მაინც რჩება, „ქართული ოცნების“ ალტერნატივად კი, დღეს, მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოყალიბდა, რომლის დაბრუნების შემთხვევაში, საქართველოს ყველანაირი პერსპექტივა კარგა ხნით დასამარდება.