ირაკლი ბათიაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებს უყურებს, როგორც საკვანძო ეტაპს, რომ ქვეყანაში სერიოზული პროცესი ააგოროს
„ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებს უყურებს, როგორც საკვანძო, გარდამავალ ეტაპს, რომ ამ ინსტიტუციის მეშვეობით ქვეყანაში სერიოზული პროცესი ააგოროს, რაც ორჯერ ორი ოთხია, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეზღუდული უფლებების მიუხედავად, პრეზიდენტი სერიოზული უფლებების მატარებელია. ის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალია“, – განაცხადა ბათიაშვილმა.
ამ განცხადებით ირაკლი ბათიაშვილმა მაყურებლის შეკითხვას უპასუხა, რა შუაშია მიხეილ სააკაშვილის მობრუნება და აპოკალიფსი მაშინ, როცა ამ არჩევნებზე ქვეყანა პრეზიდენტს ირჩევს და ყველა სხვა ინსტიტუცია მმართველი გუნდის ხელშია.
როგორც ბათიაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება ამ არჩევნებს ძალიან იოლად, არასერიოზულად უყურებდა და სიტუაციას არაადეკვატურად აფასებდა მაშინ, როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ მთელი თავისი გეგმა და სტრატეგია სწორედ საპრეზიდენტო არჩევნებთან ჰქონდა დაკავშირებული.
„ამიტომ, ამან მთლიანი დღის წესრიგის შეცვლა გამოიწვია. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ბევრი ჩემნაირი ადამიანი გამოვა და უფრო აქტიურ პოზიციას დაიკავებს, რადგან სააკაშვილის მობრუნება კატასტროფა იქნება. დღევანდელი ხელისუფლების მიმართ რაც არ უნდა კრიტიკული დამოკიდებულება გვქონდეს, ღრმად ვარ დარწმუნებული, თუ ის თავის თავზე სერიოზულად წაიმუშავებს, მას გარკვეული შინაგანი რესურსი გააჩნია, რომ სიღრმისეული თვითგადაწყობა მოახდინოს და ბევრი რამ გააუმჯობესოს“, – განაცხადა ბათიაშვილმა.
გურამ ნიკოლაშვილის შეკითხვაზე, რას ნიშნავს ქვეყნის ღალატი და რატომ გაადვილდა ადამიანისთვის ქვეყნის მოღალატის წოდება, ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა, რომ ღალატის ბრალდებით ადამიანების დადანაშაულება ჩვეულებრივი მოვლენა იყო ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების დროს და მათ შორის, ეს გავრცელებული პრაქტიკა იყო საბჭოთა იმპერიაში, როცა უამრავ ადამიანს ამ მუხლით ასამართლებდნენ და დღეს სწორედ ამ ტერმინოლოგიის აქტუალიზება და წინა პლანზე წამოწევა ხდება, რაც საზოგადოებაში არაჯანსაღი მდგომარეობის მანიშნებელია.
„პოლიტიკური ცხოვრება არასრულფასოვანია, რადგან ქვეყანაში პოლარიზება უკიდურესად არაჯანსაღი მიმართულებით მიდის. ამ პირობებში, აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მოღალატე და მისი მსგავსი ტერმინები გააქტიურდა. ახლა, წესით, ჩვენ პოლარიზების უფლება არ გვაქვს. თან, ეს გავლილი გვაქვს. 90-იან წლებში საქართველომ უმძიმესი სამოქალაქო დაპირისპირება გადაიტანა და ეს უბედურება ნანახი გვაქვს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს მეხსიერებიდან რაღაცნაირად ქრება“, – განაცხადა ბათიაშვილმა.
გადაცემის ერთ-ერთი თანაწამყვანის, ტატო ხუნდაძის შეკითხვაზე, რატომ მოხდა მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ „ქართული ოცნების“ გარეთ ჩამოყალიბება და რა არის ამ ტაქტიკური სვლის მიზანი, ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა, რომ შეუძლებელი იყო, ეს მოძრაობა პარტიის შიგნით ჩამოყალიბებულიყო, რადგან ის, ისევე როგორც მოძრაობაში ჩართულ ადამიანთა უმრავლესობა, „ქართული ოცნების“ წევრი არ არის და მასთან არაფერი აკავშირებს.
„ამ მოძრაობის დანიშნულება, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებასთან მეტი, გულწრფელი კონტაქტია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ხელი ხალხის პულსზე გვედოს და მათი განწყობები გავიგოთ. თითოეულ ადამიანს, მათ შორის, ამ მოძრაობას შეუძლია, მოვლენათა სწორ შეფასებაში რაღაც სინათლე შეიტანოს, მოვლენების სწორად განვითარებას შეუწყოს ხელი და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.