ირაკლი ანთაძე, სოზარ სუბარი და გიორგი ხოჯევანიშვილი საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდნენ
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ირაკლი ანთაძე, რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი და შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი იმყოფებოდნენ.
ირაკლი ანთაძემ ოჯახის წევრებს ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით მიღებული ინფორმაცია გააცნო.
„შევხვდით უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს. მივაწოდეთ ჩვენს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. ზაზა გახელაძე იმყოფება ცხინვალის კლინიკაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ასევე, ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, ზაზა გახელაძის აქვს ცეცხლნასროლი ჭრილობა წვივის არეში. მიღებული განმარტებების თანახმად, დაზიანებები არ გახლავთ სიცოცხლისთვის საშიში. ამ აღმაშფოთებელ ფაქტზე მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული პოზიციის ფორმირების მიზნით, რაზეც მეტყველებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაკეთებული განცხადება და აშშ-ის საელჩოს გამოხმაურება“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ზაზა გახელაძის გათავისუფლების საქმეში ჩართულია წითელი ჯვარი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები.
„ვიყავით ზაზა გახელაძის ოჯახში. მის მშობლებს, შვილებს მოვუყევით ის, რაც ვიცით, რა ინფორმაციაც გვაქვს და რა ნაბიჯებიც იდგმება, რათა პირველ რიგში იყოს ჯანმრთელობა დაცული და რაც შეიძლება მალე მოხერხდეს უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლება“, – განაცხადა სუბარმა.
ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, სხვილოს ციხესთან დააკავეს. იგი ფეხშია დაჭრილი. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. საგარეო უწყება მომხდარ ფაქტს რუსული საოკუპაციო ძალების მორიგ პროვოკაციად აფასებს და კატეგორიულად მოითხოვს ზაზა გახელაძის ქართული მხარისთვის დაუყოვნებლივ გადმოცემას.