ირაკლი ანთაძე - საერთო ძალისხმევით შესაძლებელი გახდა, უკანონოდ დაკავებული ოთხი თანამოქალაქე გადმოგვეყვანა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე
ირაკლი ანთაძე - საერთო ძალისხმევით შესაძლებელი გახდა, უკანონოდ დაკავებული ოთხი თანამოქალაქე გადმოგვეყვანა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე

საერთო ძალისხმევით შესაძლებელი გახდა, რომ უკანონოდ დაკავებული ოთხი თანამოქალაქე გადმოგვეყვანა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, დაკავების მომენტიდანვე აქტიურად პროცესში ჩაერთნენ საერთაშორისო პარტნიორები.

„ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიყავნეთ ჩვენი ოთხი თანამოქალაქე, რომლებიც უკანონოდ იქნენ დაკავებულნი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ. დაკავების მომენტიდანვე ძალიან აქტიურად პროცესში ჩაერთნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა კომუნიკაცია ევროკავშირის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით და საერთო ძალისხმევით შესაძლებელი გახდა, რომ ჩვენი უკანონოდ დაკავებული ოთხი თანამოქალაქე გადმოგვეყვანა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. დღეს ისინი შეხვდებიან საკუთარი ოჯახის წევრებს.

უკანონო პატიმრობაში მყოფი დანარჩენი ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ ხორციელდება ანალოგიური ღონისძიებები. ჩვენ უკანონოდ დაკავებულები გვყავს, როგორც ცხინვალის ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში, მხედველობაში მაქვს ირაკლი ბებუა. კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები იჩენენ ძალიან აქტიურ ძალისხმევას და ყველა ეს უკანონო დაკავების საკითხი არის აყვანილი ძალიან მაღალ რეგისტრში და ჟღერდება ყველა ფორუმზე სადაც საუბარია უკანონოდ დაკავებულებზე, შესაბამისად, მე მიჭირს ვისაუბრო კონკრეტულ თარიღებზე, როდის მოხდება ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლება უკანონო პატიმრობიდან, თუმცა შემიძლია კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ცენტრალური ხელისუფლება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მიმართავენ ყველა ძალისხმევას და ამოქმედებულია ყველა არსებული ბერკეტი და მექანიზმი, რათა ისინი დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში. რაც შეეხება უკანონოდ დაკავებულთა ჯანრთელობის მდგომარეობას, მათი მდგომარების სტატუსის შემოწმება ხდება ყოველდღე ცხელი ხაზის მეშვეობით და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ნორმალური“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.