ირაკლი ანთაძე - ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე ჩვენი სამი მოქალაქის გათავისუფლების საკითხს დავაყენებთ
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გასული შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და მიმდინარე ტერიტორიაზე ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, რაც აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, – ამის შესახებ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე დადგება საკითხი დაკავებულების უპირობო გათავისუფლების შესახებ.
„მოგეხსენებათ, რა ვითარებაში გვიწევს შეხვედრის ჩატარება, როდესაც ჩვენი სამი მოქალაქე იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. შეხვედრაზე დადგება საკითხი აღნიშნული პირების უპირობოდ გათავისუფლების შესახებ, რათა სწრაფად მოხდეს მათი დაბრუნება ოჯახში. განსაკუთრებით ყურადღება დაეთმობა გასული შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და მიმდინარე ტერიტორიაზე ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, რაც აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, ხდება ხელოვნური შეზღუდვების დაწესება გადაადგილების კუთხით. ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი ბლოკი. საკითხები არის ძალიან მოცულობითი და შესაბამისად ყველა საკითხი იქნება განხილული“, – განაცხადა ანთაძემ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, თერთმეტთვიანი პაუზის შემდეგ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 96-ე შეხვედრა მიმდინარეობს.