ირაკლი ანთაძე - ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი სხდომა შესაძლოა, მარტის თვეში გაიმართოს
მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები, რათა უახლოეს მომავალში ერგნეთში გაიმართოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი რაუნდი, – ამის შესახებ სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, საორიენტაციოდ, აღნიშნული შეხვედრა შესაძლებელია, გაიმართოს მიმდინარე წლის მარტის თვის დასაწყისში.
„კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია, მაგრამ ჩვენი დიდი სურვილია, აღნიშნული შეხვედრა შედგეს რაც შეიძლება შემჭიდროებულ ვადებში და ბუნებრივია, სხვა პრობლემურ საკითხებთან ერთად, ერგნეთის შეხვედრაზე მთელი სიმწვავით დადგება საკითხი, რათა უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძე, ისევე როგორც ყველა ჩვენი თანამოქალაქე, რომლებიც უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან, უპირობოდ დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს“, – განაცხადა ანთაძემ.