ირაკლი ანთაძე - ერგნეთის შეხვედრის გამართვა ჩვენი და საერთაშორისო პარტნიორების საერთო ძალისხმევის შედეგია
ერგნეთის შეხვედრების განახლება ჩვენი და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის შედეგია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ერგნეთში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განუცხადა.
სამთვიანი პაუზის შემდეგ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში პირველი შეხვედრა დღეს იმართება.
ამასთან, ჯერ არ დაკონკრეტებულა განიხილება თუ არა დღევანდელ შეხვედრაზე „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“, რომელიც 14 სექტემბერს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლების მიერ შეხვედრის დატოვებისა და ჩაშლის მიზეზი გახდა.
„დღის წესრიგის მიხედვით განსახილველი გვაქვს 11 საკითხი. მთავარი და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და სასტიკი მკვლელობის ფაქტს. ასევე ვისაუბრებთ დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებულ პასუხგაუცემელ კითხვებზე. ყურადღებას გავამახვილებთ უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევებზე და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე“, – განაცხადა ანთაძემ.
მისი თქმით, საუბარი შეეხება იმ პრობლემებსაც, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების დროს ექმნება.
„რაც შეეხება დღევანდელი შეხვედრის გამართვას, ეს არის საერთო ძალისხმევის შედეგი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების. ჩვენ ვართ განწყობილი კონსტრუქციული დიალოგისთვის“, – განაცხადა შეხვედრის დაწყების წინ ირაკლი ანთაძემ.