ირაკლი ანთაძე - დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების საოკუპაციო ხაზთან ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების საოკუპაციო ხაზთან ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია.
როგორც ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია სოფელ გუგუტიანთკარში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია.
„ვისაუბრეთ საფრთხეებზე, რომელიც მომდინარეობს ოკუპირებული ტერიტორიიდან. განსაკუთრებით გავამახვილებთ ყურადღება იმ გამოწვევებზე, რომელსაც აწყდება ადგილობრივი მოსახლეობა. ზოგადად ამგვარი ტიპის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან მაღალი რანგის სტუმრებს მიეცათ საშუალება საკუთარი თვალით ენახათ ადგილზე, რა ხდება უსაფრთხოების კუთხით“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებიან. გუგუტიანთკარში ჩავიდა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის 20-მდე წარმომადგენელი, მათ შორის საქართველოში ავსტრიის, ესტონეთის, ბულგარეთის, ბრაზილიის, ლატვიის ელჩები.
ამასთან, ადგილზე იმყოფებიან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფოტრმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები.
ისინი დიპლომატებს საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს აცნობენ.
რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის რკინის ბოძების მონტაჟი გუშინ დილიდან კვალვ განაახლეს. მათ მიერ წინა დღეებში დამონტაჟებულ რკინის ბოძებზე უკვე გავლებულია რკინის ღობე. ღობის მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ორი საცხოვრებელი სახლი.