ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის არჩევნებზე - პირდაპირ გეუბნებით, ამ უსამართლობას არ შევეგუებით #1TVSPORT
რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტი სოსო ტყემალაძეა.
არჩევნების დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ირაკლი აბუსერიძემ, რომელიც 30 დეკემბერს კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს, თუმცა საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა.
„სამწუხაროა, რომ არამორაგბეებმა დააფიქსირეს თავისი აზრი. ვისაც ჰქონდა უფლება და ნება, აიძულეს, რომ სხვებისთვის გადაეცათ მინდობილობები. პირდაპირ გეუბნებით – ჩვენ ამ უსამართლობას არ შევეგუებით. სამარცხვინოა, რაც დღეს მოხდა ხდება და რა ფორმითაც ჩაატარეს ეს არჩევნები.
შეკითხვაზე, არის თუ არა ალბათობა, რომ მისი მომხრე კლუბების წარმომადგენლებმა ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი განაცხადონ, ირაკლი აბუსერიძემ უპასუხა:
„ასეთი მოქმედებისკენ მე არ მოვუწოდებ. თავად კლუბები გადაწყვეტენ, იმიტომ, რომ ვატყობ, ეს პროტესტი გაგრძელდება. რაც ხდება ამაზრზენია. დაველოდით მოვლენების განვითარებას. დღეს ტყემალაძესთან შეხვედრას არ ვაპირებთ, ჩვენი გეგმა გვაქვს.
შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ დღევანდელ სიტუაციაზეც და სამომავლო გეგმებზეც. მრცხვენია დღევანდელი დღისთვის. სამწუხაროა, რომ გრძელდება ბოლო წლების პოლიტიკა. ხელების გადაგრეხვით სურთ პრეზიდენტად მოსვლა“.