რაგბის კავშირის ახლად არჩეული პრეზიდენტი სოსო ტყემალაძე - ქვორუმი შედგა, სამწუხაროა, რაც შენობის გარეთ მოხდა #1TVSPORT
რაგბის კავშირის ახლად არჩეული პრეზიდენტი სოსო ტყემალაძე - ქვორუმი შედგა, სამწუხაროა, რაც შენობის გარეთ მოხდა #1TVSPORT

რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს. იგი ერთადერთი კანდიდატი იყო, თუმცა ირაკლი აბუსერიძის მომხრეები არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

კავშირის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ სოსო ტყემალაძის კომენტარი ასეთი იყო:

„ვნებები რომ ჩაცხრება, უსწრაფესად გადავალთ საქმეზე, რათა დავიწყოთ იმ გეგმების განხორციელება, რომლებზეც უკვე ვილაპარაკე. სამწუხაროა, რაც შენობის გარეთ მოხდა, იცოდით, რაც იყო დაანონსებული. ყრილობაზე მოსვლა კლუბებს ძალიან გაუჭირდათ. მესმის მათი და მინდა გადავცე, რომ მათთან თანამშრომლობას ეს ხელს არანაირად არ შეუშლის.

რაგბის კავშირს წელიწადნახევარია, პრეზიდენტი არ ჰყავს. დადგა ეს სანატრელი დღე. გამგეობას, დროებით პრეზიდენტ თორნიკე გოგებაშვილს მინდა მადლობა ვუთხრა. მათ ამ ურთულეს პერიოდში ღირსეულად იარეს და აქამდე მოიყვანეს ეს პროცესი.

კონსტრუქციულ ფორმებში ყველასთან თანამშრომლობისთვის მზად ვარ. პროცედურულად 5-6 დღე არის საჭირო, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრაცია გავიაროთ. მინდა ხარისხიანი ადამიანები იყვნენ გამგეობაში, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი საყვარელი სპორტი“.

გოჩა მაჭავარიანმა სოსო ტყემალაძეს სიმბოლურად გადასცა რაგბის კავშირის ფორმა

„საქართველოს რაგბის კავშირის ყრილობაზე მოვიდა 25 დელეგატი, რომელიც 42 ხმას წარმოადგენს. არჩევნები ლეგიტიმური რომ ყოფილიყო, საკმარისი იყო 38 ხმა. 42 ხმით შედგა ყრილობა და ავირჩიეთ პრეზიდენტი – სოსო ტყემალაძე, რომელიც უახლოესი 4 წლით უხელმძღვანელებს რაგბის კავშირს“, – განაცხადა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე გოჩა მაჭავარიანმა.